ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო დებატები ამერიკაში


როგორ ირჩევს ამერიკა?

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

როგორც მოსალოდნელი იყო, ოქტომბრის დამდეგისთვის ორმა პრეტენდენტმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე - ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიიდან და მიტ რომნიმ, რესპუბლიკელთა კანდიდატმა - მხარდამჭერთა გარკვეული, სტაბილური რაოდენობა მოაგროვეს. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით ამ ეტაპზე პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელ მეტოქეს მხოლოდ მცირედი უპირატესობით უსწრებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე დრამატულად აღარ მერყეობს, დებატებამდე დიდად არც შეიცვლება.

სწორედ დებატებზე გაირკვევა, თუ ვის მხარეს დაიჭერს ელექტორატის ის ნაწილი, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ვინც საბოლოო ჯამში არჩევნების ბედს განსაზღვრავს. თეთრ სახლში მოხვედრისთვის გამართული რამდენიმეწლიანი კამპანია გადამწყვეტ ფაზაში სწორედ დებატების პერიოდში გადადის. დებატები პირდაპირი ეთერით მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემა.

ამერიკაში დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის სულ ცოტა სამჯერ ტარდება და ერთხელ - ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებისთვის. აქამდე წინასაარჩევნო კამპანია ტელევიზიაზე და სოციალურ მედიაზე გათვლილი მოკლე გზავნილებით და ლოზუნგებით შემოიფარგლებოდა. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტი ობამა დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე „იუ-თუბის“ ვიდეოების ინტერვალებით საუბრობდა. ასეა თუ ისე, ეს პერიოდი პრეტენდენტებისთვის დასრულდა. დებატებზე მათ უფრო საფუძვლიანი ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწევთ იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით წაიყვანენ ქვეყანას.

„ახლა მათ მიეცემათ შანსი ამერიკელ ხალხს საკუთარი ხედვების, მიზნების, ოცნებების თუ იმედების შესახებ ესაუბრონ, და მათი განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება თავად ამერიკის მოქალაქეებს ანდონ,“ - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, მარკ რომი.

თავად დებატების პროცესი ერთგვარი ჟურნალისტური ინტერვიუს ფორმას ატარებს. წამყვანი კანდიდატებს კითხვებს აძლევს და მათ პასუხისთვის, როგორც წესი, განსაზღვრული დრო აქვთ. ამერიკის მთავრობის სპეციალისტი, პროფესორი კანდის ნელსონი ამერიკის უნივერსიტეტიდან უფრო დეტალურად ხსნის:

„სამიდან ორ საპრეზიდენტო დებატებზე და ვიცე-პრეზიდენტების დებატებზე ერთი წამყვანია, რომელიც კითხვებს სვამს. კანდიდატებს ერთმანეთის პასუხებზე კომენტარისთვისაც ცალკე დრო აქვთ გამოყოფილი. წამყვანს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. მისი ვალია კითხვები უპასუხოდ არ დარჩეს და დრო ორივე კანდიდატზე თანაბრად განაწილდეს,“ - ამბობს ის.

დებატებიდან ორს, რომლებზეც პროფესორი ნელსონი საუბრობს, სპეციფიური თემა აქვს. პირველი საშინაო პოლიტიკას ეხება და მეორე - საგარეოს. მესამე დებატებს უფრო ადგილობრივ მერიაში ლიდერებთან შეხვედრის ფორმატი აქვს: ანუ, კითხვებს დარბაზიდან ამერიკის რიგითი მოქალაქეები სვამენ.

სატელევიზიო დებატები იმ ფორმით, როგორც ახლაა დამკვიდრებული, სათავეს 1976 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან იღებს. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მთავარი ელემენტები კიდევ უფრო ადრე, 1960 წელს დაფიქსირდა. მასში დემოკრატი სენატორი ჯონ კენედი და რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი იღებდნენ მონაწილეობას.

შეერთებული შტატების ისტორიაში დებატების ერთ-ერთ წარმატებულ ნიმუშად რესპუბლიკელი ნომინანტის, რონალდ რეიგანის კამანიას მიიჩნევენ. 1980 წელს გამართულ დებატებზე ის იმდენად სწორ შეკითხვებს სვამდა, რომ ექსპერტების აზრით, ამან დემოკრატი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა. ელექტორატს მან შემდეგი კითხვით მიმართა:

ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ თავს უნდა შეეკითხო: უკეთესად ვარ, ვიდრე 4 წლის წინ?“

პრეზიდენტ რეიგანის ამ შეკითხვას მას შემდეგ დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთნაირი წარმატებით იყენებენ. თუმცა დებატებზე დაშვებული შეცდომაც ხშირად უპატიებელი გამხდარა. ამის მაგალითად სპეციალისტები ცივი ომის დროს რესპუბლიკელი ჯერალდ ფორდის ფრაზას იშველიებენ, რომელიც მან 1976 წლის დებატებზე გააჟღერა:

არ არსებობს საბჭოთა დომინანტურობა აღმოსავლეთ ევროპაში. და არც არასოდეს იქნება ფორდის ადმინისტრაციის პირობებში.“

პოლიტოლოგების აზრით სწორედ ამ ფრაზით წააგო მან საპრეზიდენტო პოსტი და ის დემოკრატ ჯიმი კარტერს დაუთმო.

წელს საპრეზიდენტო დებატები შეერთებულ შტატებში 3 ოქტომბერს იწყება. დენვერის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას ტელეკომპანია „ფი-ბი-ესის“ ახალი ამბების წამყვანი, ჟურნალისტი ჯიმ ლერერი გაუძღვება. პირველი დებატები საშინაო პოლიტიკის თემას ეძღვნება. 11 ოქტომბერს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე დაგეგმილ დებატებში მრავალმილიონიანი ტელეაუდიტორიის წინაშე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები, დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რესპუბლიკელი კონგრესმენი პოლ რაიანი, წარსდგებიან. ის კენტუკის შტატის ერთ-ერთ კოლეჯში ჩატარდება. 6 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებამდე პრეზიდენტობის კანდიდატები 16 და 22 ოქტომბერს კიდევ ორ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG