ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სააგენტო - „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“ (MCC) თბილისში საკუთარი ფილიალის მეშვეობით, იმ პრიორიტეტებსა და წინადადებებს სწავლობს, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის რიგით მეორე, ხუთწლიანი კომპაქტის (Compact) გამოყოფა უნდა გადაწყდეს.
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ ჯერ კიდევ, 2011 წლის იანვარში გამოაცხადა, რომ საქართველოს ისევ აქვს შანსი კორპორაციის გრანტი მიიღოს, თუ თბილისი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
თუ კორპორაციამ მეორე კომპაქტი გამოყო და ამერიკის კონგრესმა დახმარება დაამტკიცა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა წარმატებულად შეაფასა პირველი კომპაქტის შესრულება.
2006-2011 წლებში, საქართველომ ამერიკული დახმარების ფარგლებში, კორპორაციისგან 395 მილიონი დოლარი მიიღო და ძირითადად, ინფრასტრუქტურის განვითარებას მოახმარა.
ახალი პრიორიტეტი უკვე განათლებაა. განათლების და მეცნიერის მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ამ დახმარების მიღებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმედისმომცემი და სერიოზული პროექტი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის, რომელიც როგორც ჩვენი, ისე ამერიკული მხარის აზრით, უფრო ახალ და სერიოზულ იმპულსს მისცემს მთელ საგანმანათლებლო სისტემას.“
"ზოგადი განათლების გაუმჯობესების პროექტის შემუშავება; მეცნიერების, ტექნოლოგიიის, საინჟინრო და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და მისი განვითარებისთვის პარტნიორი დაწესებულების შერჩევა; სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ქალებისთვის არსებული დაბრკოლებების შესწავლა;
მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებში სფეროებში, ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების კუთხით, დამსაქმებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნის მქონე დეფიციტური პროფესიების ანალიზი" - ეს არის „ათასწლეულის გამოწვევევის კორპორაცია - საქართველოს“ მიერ წინასწარ გამოცხადებული მიმართულებები, რომლებზეც, კომპაქტის რატიფიცირების შემთხვევაში, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების სისტემის განვითარებისთვის კორპორაცია 140 მილიონ დოლარს გამოყოფს. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა იქნება. დაახლოებით 15 მილიონი დოლარი ასევე პროფესიული განათლების სფეროში ჩაიდება.
საუბარია ასევე ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ამერიკული უნივერსიტეტის შემოსვლაზე. ფონდ „ათასწლეულის გამოწვევევის კორპორაცია - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზურაბაშვილი ამბობს, რომ წინა კვირას თბილისში ფონდის წინასატენდერო, საკონსულტაციო შეხვედრით ექვსი ამერიკული უნივერსიტეტი დაინტერესდა.
„საქართველოს და აშშ-ს მთავრობას სურთ, რომ ამ ფონდის ფარგლებში დაარსებული იყოს ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში. წინასატენდერო შეხვერდაზე, ამერიკიდან ხუთი თუ ექვსი უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჩამოვიდა, რომლებსაც აქვთ საქართველოში შემოსვლისა და უნივერსიტეტის დაარსების ინტერესი.“
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მეორე კომპაქტის მიმართ, ბუნებრივია დიდ ინტერეს იჩენენ ქართული უნივერსიტეტებიც. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ამბობს :
„ყველა ქართული უნივერსიტეტი, ვისაც აქვს ეს მიმართულებები და ფაკულტეტები, თავისთავად მიიღებს მონაწილეობას ამ კონკურსის შესარჩევ ეტაპზე და იმედი გვაქვს რომ საბოლოო ეტაპზეც.
ჩვენი პარტნიორები ამ შემთხვევაში სხვადასხვა ამერიკული უნივერსიტეტები იქნებიან, რომლებიც ძალიან წარმატებულნი არიან - ზუსტად ტექნიკური მიმართულების კუთხით. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ძალიან მაღალი დონის ამერიკული აკრედიტაციის პროგრამები გვექნება.“
პრეზიდენტი სააკაშვილი და წინა მთავრობა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მეორე კომპაქტს, მთლიანად ბათუმის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასამუშავებლად განიხილავდა.
2012 წლის იანვარში სააკაშვილმა ვაშინგტონში პირადად ჩაუტანა ახალი უნივერსიტეტის პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დენიელ იოჰანესს. უკვე სექტემბრის ბოლოს კი ბათუმის ბულვარში 40 სართულიანი უნივერსიტეტის შენობა გახსნა.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომავალი გაურკვეველია. მშენებლობა ბოლომდე დასრულებული არ არის, შენობა ოქტომბრის შემდეგ დაკეტილია. ახალ უნივერსიტეტს განათლების სამინისტროში აკრედიტაციაც არ გაუვლია და შესაბამისად, ვერც „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას.
რა დაჯდა მშენებლობა, ვისი დაფინანსებით აშენდა და რა ბედი ელის ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იდეაში, ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალი უნდა გამხდარიყო, დღეს ამ კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორც ბათუმში, ისე თბილისში.