საქართველოს უკვე საკუთარი ძალებით შეეძლება სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის გემების შეკეთება და მომსახურება. გუშინ ფოთში, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, საინჟინრო გემთსახელოსნო ამოქმედდა, რომლის მოდერნიზებაც 2011 წელს დაიწყო და 6 000 000 დოლარი დაჯდა.
ფოთში სამხედრო გემების შეკეთება 1941 წლიდან ხდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს სევასტოპოლიდან სწორედ ფოთში იქნა ევაკუირებული, საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის სარემონტო-საარტილერიო ქარხანა. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, სერგო ორჯონიკიძის სახელობის ფოთის გემთსარემონტო-გემთსაშენებელი ქარხანა წყალქვეშა ნავებსაც კი აწარმოებდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ქარხნის დანადგარების ნაწილი რუსებმა გაზიდეს, დიდი ნაწილი კი ადგილზე გაიძარცვა. ამ მიზეზით, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გემების შეკეთება, წლების განმავლობაში, ძირითადად, უკრაინაში, თურქეთსა და საბერძნეთში ხდებოდა. ფოთის ახალი საინჟინრო გემთსახელოსნოს ამოქმედების გამო, საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა კერძოდ აღნიშნა:
„თქვენ გაკისრიათ მნიშვნელოვანი მისია, რასაც საქართველოს სანაპირო დაცვა ჰქვია, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა. დღეს ეს მისია, ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. საქართველო ხელახლა აყალიბებს აბრეშუმის გზას, რისი მეშვეობითაც მომავლ წლებში ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი კიდევ უფრი გაიზრდება.
ჩემი ბოლო ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა მემგზავრა ერთ-ერთი თქვენი კატარღით, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აგრეთვე მოვინახულე თქვენი გემთშემკეთებელი საწარმო რომელიც მაშინ უფუნქციოდ იყო. ცნობილია, რომ ყველა გემს შეკეთება სჭირდება. მოხარულნი ვართ, რომ კიდევ ერთი ნაბიჭი გადაიდგა წინ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, რისი შედეგიც ამ გემთსარემონტო საწარმოს გახსნაა, რაც ხელს შეუწყობს თქვენი კატარღების უსაფრთხო მიმოსვლას შავ ზღვაში.“
სამხედრო-საზღვაო სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თანამშრომლობა, პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. რუსეთთან ომამდე და ომის შემდეგ.
1998-2004 წლებში, ამერიკის შეერთებული შტატებმა საქართველოს ხუთი დიდი და ხუთი მცირე ზომის კატარღა გადმოსცა და ყოველწლიურად მილიონი დოლარით აფინანსებდა ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების გემების შეკეთებასა და მოდერნიზაციას.
ვაშინგტონის დახმარებითვე, ფოთში თავიდან აშენდა სანაპირო დაცვის ცენტრალური ბაზა, სადაც ახალი ოპერატიული მართვის ცენტრი შეიქმნა. ასევე აშენდა ანაკლიის, ჩაქვისა და სარფის რადიოლოკაციური სადგურები. 2008 წლისთვის, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები, სხვადასხვა ტიპის 30-მდე გემს, კატარღასა და კატერს ითვლიდა, პირადი შემადგენლობა კი 900 ადამიანს აღწევდა.
რუსეთთან ომი სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ფოთის ოკუპაციის შემდეგ, რუსებმა 11 ქართული გემი და კატარღა ჩაძირეს, მათ შორის, ქალაქის აკვატორიაში ქართული სამხედრო ფლოტის ფლაგმანები - საზენიტო გემები „თბილისი“ და „დიოსკურია“. ასევე სადარაჯო კატარღები: „ივერია“ და „წყალტუბო“.
ნადავლის სახით რუსებმა წაიღეს 15 ერთეული, Sea Doo-სა და Black Shark-ის ტიპის სწრაფმავალი კატერები, პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს ფოთის ცენტრალური ბაზა.
აგვისტოს შოკის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიების დაწყების ნაცლად, სამხედრო-საზღვაო ძალები საერთოდ გააუქმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციით ჩაანაცვლა.
დღეისათვის, სასაზღვრო პატრულის განკარგულებაში 9 ერთეული ხომალდი და კატარღაა. მათგან ორი, „ფაზისი“ და „ცოტნე დადიანი“, ამერიკის უკვე ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შარშანდელი ვიზიტის დროს გადმოგვეცა. ამერიკული ფულით ფოთის ბაზაზე ასევე დამონტაჟდა უსაფრთხოების უახლესი ვიდეოსისტემა და განახლდა ზღვაზე თვალთვალის სისტემები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს:
„აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს საფრთხეების შემცირების სამსახური იწყებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს - გემების და პირსების რეკონსტრუქცია, ბათუმში დახურული ნავსადგურის მშენებლობა; ასევე ჩვენი მცურავი ერთეულებისთვის სათადარიგო ნაწილების შეძენა, ფოთის გემთსარემონტო სახელოსნოში დამატებითი დაზგა-დანადგარების დამონტაჟება და პერსონალის მომზადება.“
გუშინვე, რიჩარდ ნორლანდმა და ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, სუფსის ტერიტორიაზე, სიმბოლურად საფუძველი ჩაუყარეს, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის - საზღვაო ოპერაციების ერთიანი მართვის ცენტრის მშენებლობას. ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ახალი ცენტრის მშენებლობას ამერიკის მთავრობა 1 200 000 დოლარით დააფინანსებს.