ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამბობს, რომ რუსი სამხედროები ვენესუელიდან "უნდა გავიდნენ"


ვენესუელაში რუსული სამხედრო კონტინგენტის ჩასვლის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი ვენესუელიდან „უნდა გავიდეს“.

ოთხშაბათს, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები რუსების მოსაცილებლად „სამხედრო ძალის ადგილზე გადასხმას“, ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა: „ყველა ვარიანტი განიხილება“. ტრამპმა იქვე დაამატა, რომ მოსკოვმა შეერთებული შტატების პოზიცია კარგად იცის.

ტრამპი ჟურნალისტებს თეთრ სახლში ესაუბრა. მის გვერდით იყო ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის და თვითგამოცხადებული დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მეუღლე ფაბიანა როზალესი, რომელიც ოვალურ ოფისში, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ მივიდა.

რუზველტის ოთახში როზალესის გვერდით მდგომმა პენსმა თქვა: „ამ უქმეებზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ჩამოფრენას, შეერთებული შტატები არასასურველ პროვოკაციად აღიქვამს. დღეს რუსეთს მოვუწოდებთ, მადუროს რეჟიმის ყოველგვარი მხარდაჭერა შეწყვიტოს და ხუან გუაიდოს გვერდით დადგეს, სანამ თავისუფლება აღსდგება, ამ ნახევარსფეროს ქვეყნების და მსოფლიოს ქვეყნების გვერდით დადგეს.

ახალი ამბების სააგენტო „რია“-ს ცნობით, რუსეთმა შეერთებული შტატების განცხადება უგულებელყო და თქვა, რომ ვენესუელაში მისი ქმედებები კანონიერი იყო და ამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ლეგიტიმურ მთავრობასთან იყო შეთანხმებული.

კრემლმა ვენესუელაში რუსი სამხედროების განლაგების შესახებ ცნობების კომენტირებაზე უარი განაცხადა.

XS
SM
MD
LG