ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა ვაქცინაცია შესაძლოა ამ უქმეებზე დაიწყოს


ამერიკის მთავრობის მრჩეველთა პანელმა, 10 დეკემბერს რეკომენდაცია გასცა „ფაიზერ-ბიოენტექის“ კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებაზე. შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის“ მრჩეველთა საბჭომ, ვაქცინის საგანგებო გამოყენებას დაუჭირა მხარი. საბჭოს 22 წევრიდან, ვაქცინის საგანგებო გამოყენებას, 17-მა მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა და ოთხმა წინააღდეგ მისცა ხმა. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელების ვაქცინაციის ამ უქმეებზე დაწყება უკვე შესაძლებელია.

ამ კვირაში, შეერთებულ შტატებში რეკორდულად მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი დაფიქსირდა, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე-ერთ დღეში 3100 შემთხვევა.

საავადმყოფოები ვაქცინაციისთვის საკუთარი თანამშრომლების ტრეინინგს იწყებენ.

„ამერიკელი ხალხი ითხოვს და იმსახურებს მონაცემების საგულდაგულო, სრულყოფილ და დამოუკიდებელ შესწავლას“, - განაცხადა დორან ფინკმა, საბჭოს წევრმა.

საბჭოს წევრების გადაწყვეტილება შესაძლოა „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ“ არ გაითვალისწინოს. თუმცა, სავარაუდოდ ის ექსპერტთა მოსაზრებას გაიზიარებს.

შედეგად ვაქცინის ადმინისტრირება შესაძლოა უკვე ამ უქმეებზე მოხდეს. პრეზიდენტი ტრამპი ამას საკუთარი ადმინისტრაციის მიღწევას უწოდებს. პრეზიდენტმა ამ კვირაში ვაქცინასთან დაკავშირებით სამიტს უმასპინძლა, თუმცა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდის წევრები არ მიუწვევია. ტრამპი განაგრძობს უარყოფას, რომ არჩევნებში დამარცხდა.

„სამუშაო, რაც შესრულდა შესანიშნავია. ეს შესანიშნავია მომავალი ადმინისტრაციისთვის. იმედია მომავალი ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაცია იქნება“, - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ამავე დღეს, ბაიდენმა მისი ჯანდაცვის გუნდი და ახალ კორონავირუსთან ბრძოლის გეგმა წარადგინა. მან ამერიკელებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სკოლების გახსნაზე იმუშავებს და ვაქცინის გავრცელებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით 15 მილიონ ადამიანზე მეტია ინფიცირებული და 288,000 ადამიანი გარდაიცვალა.

ვაქცინას პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკები მიიღებენ, შემდეგ მოხუცებულთა სახლების ბინადრები და თანამშრომლები. მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინაზე წვდომას მხოლოდ 2021 აპრილისთვის უნდა ელოდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG