შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი ამბობს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ თურქეთის შეტევა „არ იყო გამართლებული“. მისივე თქმით, ანკარა „არასწორი მიმართულებით მიდის“ მას შემდეგ, რაც რუსეთს შეუთანხმდა, რეგიონში „უსაფრთხო ზონის“ პატრულირება ერთობლივად მოახდინონ.
ბრიუსელში ნატოს შეხვედრაზე გამგზავრების წინ, ესპერმა გერმანიის მარშალის ფონდში თქვა, რომ „თურქეთმა საშინელ მდგომარეობაში ჩაგვაყენა“.
ოთხშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ თურქეთმა მას პირობა მისცა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მუდმივ სახეს მიიღებდა. ეს შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემდა, ცოტა ხნის წინ ანკარის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაეუქმებინა.
ორშაბათს, ტრამპმა ამერიკის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას „დიდებული შედეგი“ უწოდა. ერთი დღით ადრე კი, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ რდოღანმა რუსეთთან სეპარატული სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
სირიის დემოკრატიული ძალების პრეს-მდივანმა მუსტაფა ბალიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას განაგრძობდნენ და ყველა მხარეს, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტის შესრულებაზე დაკვირვება აწარმოონ და მის დამრღვევებს პასუხი მოსთხოვონ.
Facebook Forum