ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა უკრაინის ყოფილ მაღალჩინოსანს ანდრეი პორტანოვს სანქციები დაუწესა. მიზეზი პორტანოვის მიერ უკრაინის სასამართლო სისტემაზე გავლენის მოხდენაა.
ხაზინის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქე 15 ადამიანისგან შემდგარ სიაში შევიდა, რომლებიც აფრიკის და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დადანაშაულებულები არიან სავარაუდო კორუფციასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში.
ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ყოფილმა დეპუტატმა და ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, ქრთამის მიცემის გზით ფართო კავშირები დაამყარა უკრაინის სასამართლო და სამართალდამცავ აპარატებში.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ პორტანოვმა გამოიყენა გავლენა უკრაინის სასამართლოში და ის ბრალდებულია სასამართლო რეფორმის შელახვის მცდელობაში,“ - ამბობენ ამერიკის ხაზინის დეპარტამენტში.
არსებული ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდის წევრმა, 2019 წელს სასამართლო სისტემის გასაკონტროლებლად უკრაინაში კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და შეეცადა საკუთარი გავლენებით სამართალწარმოებაში ჩარევას. ვაშინგტონში ამბობენ, რომ პორტანოვი ასევე მონაწილეობდა უკრაინის გენერალურ პროკურორზე გავლენის მოხდენის მცდელობაში.
დაწესებული სანქციები ამერიკაში პორტანოვის ნებისმიერ აქტივზე გავრცელდება. ამერიკის მოქალაქეებს კი ეკრძალებათ მასთან რაიმე სახის ურთიერთობაში შესვლა, მათ შორის - თანხების გადარიცხვა. თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი დაჯარიმებას ექვემდებარება.
დაწესებულ სანქციებს პორტანოვის მხრიდან გამოხმაურება არ ჰქონია.
Facebook Forum