სამშაბათს, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობს კანდიდატმა, კეტანჯი ბრაუნ ჯექსონმა პირობა დადო, რომ სასამართლოში უვადო თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში „თავის ხაზზე დარჩება“. მან ასევე უპასუხა რესპუბლიკელების განცხადებებს იმის შესახებ, რომ მოსამართლეობის დროს, ზოგიერთი ბრალდებულის მიმართ ლმობიერებას იჩენდა.
რესპუბლიკელების განცხადებებზე, რომ ის ბავშვთა პორნოგრაფიაში ბრალდებულთა მიმართ რბილი მიდგომით გამოირჩეოდა, ჯექსონმა სენატის იურიდიულ კომიტეტს უთხრა: „როგორც დედა და როგორც მოსამართლე, რომელსაც ამ საქმეების განხილვა უწევდა, ვფიქრობდი, რომ სიმართლისგან ამაზე უფრო დაშორებული არაფერია.“
ჯექსონი, მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის უმაღლეს იურიდიულ ორგანოში პირველი შავკანიანი ქალი მოსამართლე იქნება. ის აქამდე ფედერალურ საოლქო მოსამართლედ რვა წლის განმავლობაში მსახურობდა და გასულ წელს ფედერალურ სააპელაციო მოსამართლედ დაინიშნა.
2020 წელს ბაიდენმა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, პირობა დადო, რომ სასამართლოში შავკანიან ქალის კანდიდატურას წარადგენდა. მან, გასულ თვეში, 51 წლის ჯექსონი ამერიკის უზენაეს იურიდიულ ორგანოში უვადო თანამდებობაზე წარადგინა.
ჯექსონის დამტკიცების შემთხვევაში, ის ლიბერალ მოსამართლე სტივენ ბრაიერს ჩაანაცვლებს, რომელიც პენსიაზე გადის. მოსამართლის დამტკიცებისთვის ბრძოლა თითქმის თანაბრად გაყოფილ სენატში იმართება. დემოკრატები სენატს მინიმალური უმრავლესობით აკონტროლებენ. მოსამართლის დამტკიცებისთვის უბრალო უმრავლესობაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ყველა დემოკრატი გაერთიანდება, მიუხედავად იმისა თუ 50-50-ზე პარტიული ნიშნით დაყოფილ სენატში რესპუბლიკელები რას იღონებენ, ჯექსონი თანამდებობას მიიღებს.
ჯექსონის დანიშვნა უზენაესი სასამართლოს იდეოლოგიურ ბალანსს ვერ შეცვლის, სადაც კონსერვატიულ უმრავლესობაში შედის სამი მოსამართლე, რომელიც რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიშნა, მაგრამ ბაიდენს საშუალებას მისცემს გადაახალისოს სასამართლოს ლიბერალური ბლოკი საკმარისად ახალგაზრდა მოსამართლით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იმსახურებს.