ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას ახალი უზენაესი მოსამართლე ჰყავს


ორშაბათს, სენატის გაფართოებულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შემდეგ, ემი კონი ბარეტი უზენაეს მოსამართლედ დაამტკიცეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატისთვის ხმის მიცემის პროცესი, სენატორებს შორის თითქმის ზუსტად პარტიული ნიშნით გაიყო.

ბარეტის დამტკიცებას 52-მა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა მისცა ხმა 47 დემოკრატი სენატორის და ერთი რესპუბლიკელის - სიუზან კოლინსის - წინააღმდეგ. კოლინსმა გადაწყვეტილება კენჭისყრის და საყოველთაო არჩევნების თარიღების მეტისმეტი სიახლოვით ახსნა.

ამერიკის ბოლო 150 წლის ისტორიაში, უზენაესი მოსამართლე პირველად დაამტკიცეს ისე, რომ მას სენატის უმცირესობიდან მხარდაჭერა საერთოდ არ ჰქონია. ემი კონი ბარეტი ტრამპის უკვე მესამე ნომინანტია, რომელმაც უზენაესი მოსამართლის ფიცი დადო.

ბარეტის დამტკიცებით, ამერიკის 9 წევრიან უმაღლეს სასამართლო ორგანოში იდეოლოგიური ბალანსი კონსერვატორების სასარგებლოდ შეიცვალა. მათ ახლა მნიშვნელოვნი უპირატესობა აქვთ: ექვსი სამზე.

დემოკრატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ახალი უზენაესი მოსამართლის დამტკიცების პროცესის გამართვას, ამერიკის ახალი პრეზიდენტის და კონონმდებლების არჩევამდე სულ ერთი კვირით ადრე. მითუმეტეს, რომ რესპუბლიკელებმა წინა პრეზიდენტს, დემოკრატ ბარაკ ობამას მსგავსი ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მისცეს და არჩევნების წელს არ დაამტკიცეს მის მიერ წარდგენილი მოსამართლე მერიკ გარლანდი.

შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირაა დარჩენილი. თუმცა, ნაადრევი კენჭისყრა უკვე დაწყებულია და 60 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ხმა სასურველ კანდიდატებს უკვე მისცა.

"ემი კონი ბარეტის დაჩქარებული და უპრეცედეტო დამტკიცება უზენაესი სასამართლოს ასოცირებულ მოსამართლედ, მიმდინარე არჩევნების შუაგულში, თითოეული ამერიკელისთვის მკვეთრი შეხსენება უნდა იყოს, რომ თქვენი ხმა მნიშვნელოვანია" - თქვა დღეს დემოკრატმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა.

რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ბარეტი დღეს კიდევ ერთხელ შეაქო. პრეზიდენტმა მას "საკანონმდებლო საქმეში ერის ყველაზე ბრწყინვალე სწავლული" უწოდა. ტრამპის თქმით, ის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს "გამოჩენილი მოსამართლე" იქნება.

სასწორზეა უზენაესი სასამართლოს ხელში მყოფი ბევრი სადავო გადაწყვეტილება. მათ შორისაა: ერთსქესიანთა ქორწინების, აბორტის აკრძალვის და დემოკრატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის - ობამაქეარად წოდებული ჯანდაცვის რეფორმის საკითხები. პრეზიდენტ ობამას დროს დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის მეშვეობით, მილიონობით ამერიკელის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა მოხდა.

ობამაქეარის გაუქმება პრეზიდენტ ტრამპისთვისაც პრინციპული საკითხია, ეს მისი ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომლის შესრულება მან აქამდე ვერ შეძლო. რესპუბლიკელები თვლიან, რომ რეფორმა ამერიკელ გადამხდელებს ძალიან ძვირი უჯდება და ის მთავრობას ჯანდაცვის მართვაზე ზედმეტ უფლებებს აძლევს. უზენაეს სასამართლოში ობამაქეარის თაობაზე მომდევნო მოსმენა 10 ნოემბერსაა ჩანიშნული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG