ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზივი: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა


ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.

„ამერიკის ხმას“ აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, - ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე.

ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის თქმით, სანქციების ბაზისია 14024-ე განკარგულება. მისი თქმით, განკარგულებას “აქვს ფართო უფლებამოსილებები. მასში მოხვდენ პირები, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში. არსებობს აქტივობების მთელი რიგი, რომელიც სანქციებს ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლოა”.

14024-ე აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მოგვიანებით იქნა შესწორებული, აწესებს სამართლებრივ ბაზას და საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.

„აშშ-ს მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მიიღოს ის“, - განუმარტავს ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ერთი წყარო „ამერიკის ხმას“, რომელიც ასევე ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე. სანქციებს „მოჰყავს არგუმენტად მთელი რიგი საკითხები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირი გამოთხრა და ასევე საერთაშორისო კორუფცია, რომელსაც სარგებელი მოაქვს რუსეთის ფედერაციისთვის“, - ამბობს წყარო, რომელიც ამერიკის მთავრობის შიგნით მიმდინარე დისკუსიის შესახებ ინფორმირებულია და იცნობს შემუშავებულ პაკეტს.

"იმისთვის, რომ გადაილახოს სანქციების დაწესებისთვის საჭირო ბარიერი, საჭიროა ადმინისტრაციამ დაამტკიცოს, რომ [სანქციების ობიექტის] ქმედებებმა კანონიერი ბარიერი გადალახა, რათა აჩვენოს, რომ ამ საქმიანობას რუსეთისთვის აშკარა სარგებელი მოაქვს, და ადმინისტრაციამ ეს გააკეთა", - ამბობს ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყარო.

განკარგულებით, სანქციები წესდება შემდეგ პირებზე:

  1. პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში ან დეზინფორმაციულ კამპანიებში.
  2. ისინი, ვინც ჩართული არიან აშშ-სა და მისი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში.
  3. ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, როგორიცაა თავდაცვა და ენერგეტიკა.
  4. პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ოკუპაციას ან აგრესიას უკრაინაში.
  5. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კორუფციასა და რეპრესიებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან.

„ჯერ უცნობია, თუ და როდის იქნება [პაკეტი] ამოქმედებული. მაგრამ ამისთვის საჭირო სამუშაო შესრულებულია“, - განაცხადა ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ „ამერიკის ხმასთან“, იმის მითითებით, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება დემოკრატიულ კურსს.

დროს, თუ როდის ამოქმედდება სანქციები, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები არ ასახელებენ. ისინი არც იმას აზუსტებენ, ეს მომავალ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მოხდება, თუ მის მერე.

„სიახლე ის არის, რომ ადრე ეს უბრალოდ განიხილებოდა, ხოლო ახლა არის პაკეტი, რომელიც მზად არის განსახორციელებლად”, - ასე პასუხობს მაღალი თანამდებობის პირი შეკითხვას, თუ რამდენადაა სიახლე ის, რომ შეერთებული შტატები ამ მიმართულებით მუშაობს. წყაროს ინფორმაციით, სანქციების პაკეტი შესაძლოა ასევე მოიცავდეს ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებს, თუმცა თავს იკავებს დეტალების გამჟღავნებაზე.

აშშ-ის მთავრობის თქმით, 2023 წლის 22 დეკემბერს პრეზიდენტმა ახალი განკარგულებით, რომელიც შეეხება „დამატებით ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციის საზიანო საქმიანობის წინააღმდეგ“, შეასწორა 14024-ე განკარგულება, რათა უფრო სრულად მოიცვას რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო ბაზის მუდმივი გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოების დარღვევას იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ეს კიდევ ერთ გაფრთხილებას, მიმდინარე შიდა დისკუსიების მცოდნე კიდევ ერთი წყარო, რომელიც ასევე ანონიმურად საუბრობს და ამას საკითხის სენსიტიურობით ხსნის, განმარტავს, რომ „ეს ლოგიკური ვარაუდია. აშშ-ს მთავრობა იმედგაცრუებული იყო იმით, რომ ვერ შეძლო [დაერწმუნებინა] საქართველოს მთავრობა იმაში, რომ სერიოზულად აღიქვას ის ვითარება, რაშიც მათ თავი თავად ჩაიყენეს. და ვფიქრობ, ბაიდენის გარემოცვა ცდილობს აჩვენოს სერიოზულობა და იმედი აქვთ, რომ ვინმე საქართველოს მთავრობაში მათ სერიოზულად მოუსმენს“. მისი თქმით, პაკეტის მიღება „ძალზე აქტიურად განიხილება“ და ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლება „მზადაა ამის გასაკეთებლად“.

როდესაც შეერთებული შტატები აწესებს პირზე სანქციებს, 14024 აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, მისი ქონება და ინტერესები აშშ-ის იურისდიქციაში იყინება, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ან კომერციული ურთიერთობა. შედეგად, ხდება პირის იზოლაცია არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ხშირად გლობალური ფინანსური სისტემებიდან, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტები და კომპანიები ხშირად ემორჩილებიან სანქციებს მეორადი სანქციების თავიდან აცილების მიზნით. ამას გარდა, შესაძლებელია პირზე გავრცელდეს სავიზო შეზღუდვა და სანქციები გაართულებს გლობალურ ბიზნესსა და საბანკო მომსახურებაზე წვდომას. უცხოური კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ პირთან თანამშრომლობას აგრძელებენ, თავადაც სანქციების საფრთხის წინაშე დგებიან.

“ჩვენ ორშაბათს “მაგნიტსკის გლობალური აქტის მიხედვით დავაწესეთ სანქციები. ხოლო ეს სხვა სანქციების ჯგუფს ექვემდებარება”, - განმარტავს ამერიკელი მაღალჩინოსანი.

გასულ კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა სანქციები დაუწესა იმ პირებს, ვინც საქართველოში "ფუნდამენტურ თავისუფლებებს ძირს უთხრის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას", - ვკითხულობთ ხაზინის ოფიციალურ განცხადებაში.

კონკრეტულად კი, ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის ორ მაღალჩინოსანს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების და პოლიტიკური ოპონენტების "სასტიკ დარბევაზე" და ასევე ორ კერძო პირს, ვინც "პასუხისმგებელია, თანამონაწილეა ან პირდაპირ თუ ირიბად იყო ჩართული ქართველების მიერ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ძალადობრივ შეზღუდვაში".

ოთხივე პირი ე.წ. "მაგნიტსკის აქტის" ფარგლებში დასანქცირდა, რაც ადამაინის უფლებების კუთხით მნიშვნელოვან დარღვევებს მოიცავს.

სანქცირებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. რაც შეეხება კერძო პირებს, ესენი არიან "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძე. იქამდე, შეერთებულმა შტატებმა შემოიღო 100-ზე მეტ პირზე სავიზო შეზღუდვები, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG