ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა გაიმართება


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერისადმი მიმართვის დროს თქვა, რომ თვის ბოლოს, 27 და 28 თებერვალს, ვიეტნამში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს, უმაღლეს დონეზე მეორედ შეხვდება.

ერისადმი მიმართვისას დონალდ ტრამპმა თქვა:

„მე რომ არ ვყოფილიყავი შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, ახლა, ჩემი აზრით, შესაძლოა ჩრდილოეთ კორეასთან დიდ ომში ვყოფილიყავით ჩაბმული და მილიონობით ადამიანი დაღუპულიყო. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობა მაქვს“.

ტრამპს არ უთქვამს შეხვედრა სად შედგება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს ან ზღვისპირა და-ნანგში, ან დედაქალაქ ჰანოიში მოხდება.

ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობდა გასული ივნისის შემდეგ, როდესაც ტრამპსა და კიმს შორის, სინგაპურში პირველი ისტორიული შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე, ტრამპი და კიმი „კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებისთვის მუშაობაზე“ შეთანხმდნენ, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ ეს რას ნიშნავს, ან როგორ და როდის უნდა გაკეთდეს.

XS
SM
MD
LG