დღეს სინგაპურში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც ფხენიანი ბირთვული განიარაღებისადმი მზაობას ადასტურებს. ვაშინგტონი კი, თავის მხრივ, ფხენიანს უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს.
კორეის ნახევარკუნძულზე გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, დოკუმენტი ორივე ქვეყანას ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს. ამერიკამ და ჩრდილოეთ კორეამ ასევე ერთად უნდა იმუშაონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, ტყვეების გათავისუფლებისთვის და მათ შორის არსებული რამდენიმე სხვა უთანხმოების მოსაგვარებლად.
ლიდერები მომავალში მოლაპარაკების გაგრძელებაზე და რამდენიმე შეხვედრაზე შეთანხმდნენ. “ჩვენ ჩრდილოეთ კორეას ბირთვულად განვაიარაღებთ” - უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა “ამერიკის ხმას”. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებს ერთმანეთისთვის ულტიმატუმები არ წაუყენებიათ. ხელმოწერილი დოკუმენტი კი რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკების შედეგია - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
Facebook Forum