წამყვანი ამერიკელი დიპლომატი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში, ადასტურებს მედიაში ორშაბათს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის პოსტს კვირის ბოლომდე დატოვებს. ვეტერანი დიპლომატი ჯოზეფ იუნი 2016 წლიდან სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარმომადგენელი იყო ჩრდილოეთ კორეის და იაპონიის საკითხებში. ოფიციალურად მას სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის პოსტი ეკავა.
ჰედერ ნაუერტის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განმარტებით, იუნის პენსიაზე გასვლა “პირადი მიზეზებით” არის განპირობებული. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ვეტერანი დიპლომატის გადაწყვეტილებას ხელი “უხალისოდ” მოაწერა. იუნი დეპარტამენტში 32 წელი მსახურებდა.
იუნის წასვლა ემთხვევა ვაშინგტონს და ფხენიანს შორის, ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების თაობაზე პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების მინიშნებებს. ამერიკელი დიპლომატი გამოკვეთილად ემხრობოდა ორი ქვეყნის წარმომადგენელთა პირისპირ შეხვედრას და ამ მიმართულებით გაეროში ჩრდილოეთ კორეელ დიპლომატებთან მოლაპარაკებებს რეგულარულად აწარმოებდა.
Facebook Forum