ორშაბათს სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური დელეგაციის ვიზიტმა სამომავლო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გააჩინა. ამ განცხადების თანახმად, შესაძლოა, შემცირდეს დაძაბულობა, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში ფხენიანის მხრიდან არსებული არაერთი მუქარისა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შედეგად არსებობს.
„ეს მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეას აქ სურვილი, გააუმჯობესოს ურთიერთობა სამხრეთსა და ჩრდილო კორეას შორის. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ეს აჩვენებს, მათ შეუძლიათ გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაც, თუ საჭირო გახდება“, - აცხადებს კორეის გაერთიანების სამინისტროს პრეს-სპიკერი, თუმცა რა კონკრეტულ ქმედებებს გულისხმობს ამ განცხადებაში, სპიკერს არ დაუკონკრეტებია.
სეულის ოფიციალური პოზიციით, სამხრეთ კორეის მიზანია, მოახერხოს ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიალოგის დაწყება. დიალოგის საგანი კი ამ უკანასკნელის მიერ ატომური რაკეტების ტესტირებაზე უარის თქმა უნდა იყოს.
ფხენიანი ატომური პროგრამის შეწყვეტას არ აპირებს და აცხადებს, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შესაძლო თავდასხმისგან თავის დასაცავად სჭირდება.
ვაშინგტონი კი ჩრდილო კორეის ლიდერისგან სწორედ ამ „ატომურ ამბიციებზე“ უარის თქმას ითხოვს იმისთვის, რომ დიალოგი შესაძლებელი გახდეს.
ამავე დროს გავრცლეებული ინფორმაციით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელიც სამხრეთ კორეაში მიმდინარე ოლიმპიადაზე ამერიკულ დელეგაციას მეთაურობს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი შესაძლოა დათანხმდეს უპირობო დიალოგს ფხენიანთან, თუმცა ამავე დროს შტატები კვლავ გააძლიერებს სანქციებს და სამხედრო მზადყოფნას იმ შემთხვევისთვის, თუ ჩრდილო კორეა თავის პოლიტიკას არ შეცვლის.
Facebook Forum