შეერთებული შტატების სამხედრო ოფიციალური პირები გეგმავენ დამატებით ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ, მას შემდეგაც კი, როდესაც ახლანდელი პანდემია ჩაცხრება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ვირუსი ციკლური იქნება.
ინფექციური დაავადებების ექსპერტები უკვე რამდენიმე კვირაა გვაფრთხილებენ, რომ “კოვიდ-19”-ს შეუძლია სექტემბერ-ოქტომბერში, ზამთრის თვეების წინ, გრილი ამინდის დადგომასთან ერთად, შეერთებულ შტატებში განმეორებით გააქტიურდეს. ეს არის საფრთხე, რომელმაც სამხედრო უწყების ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი შეაშფოთა.
სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა დეივ გოლდფეინმა, ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა: “ჩვენ, ყველა ამაზე ვსაუბრობთ. სავარაუდოა, რომ მას აქვს პოტენციალი რაიმე ციკლური გზით უკან დაბრუნდეს. ყველა პროგნოზით, ვაქცინა მთელი წელიწადი არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შესაძლებლობები უნდა დავხვეწოთ, რათა გადავრჩეთ და [შესაბამისად] ვიმოქმედოთ.”
უმაღლესი სამხედრო ოფიციალური პირების აზრით, ახალი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების მიუხედავად, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ქვეყნის და მისი ინტერესების დასაცავად მზადყოფნას ინარჩუნებს. ოთხშაბათის მონაცემებით, 56 ათასზე მეტი საკადრო და ასევე ნაწილობრივ მობილიზებული ჯარისკაცი, მთელ ქვეყანაში მიმდინარე მაშველი ძალისხმევის მხარდასაჭერად განალაგეს.
მაგრამ პანდემიას, სამხედრო მზადყოფნის თვალსაზრისით უარყოფითი შედეგებიც ჰქონდა. მაგალითად, შემცირდა აფრიკაში, აზიაში და ევროპაში პარტნიორ ძალებთან ერთად, ერთობლივი წვრთნების მასშტაბი. ასევე შემცირდა ამერიკული სამხედრო ძალები ისეთ ადგილებში, როგორიცაა ერაყი და სირია, სადაც ამერიკული ჯარი, ადგილობრივ ძალებთან ერთად, ისლამური ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მუშაობს.
სამხედრო მეთაურების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ზოგადად უფრო ახალგაზრდები და ჯანმრთელები არიან ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა, მათ ვირუსისადმი ჯერ იმუნიტეტი არ აქვთ.
Facebook Forum