ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მიგრანტების ქარავანს: „უკან გატრიალდით“


იმ დროს, როდესაც ცენტრალურ ამერიკელი მიგრანტების ჭრელი ქარავანი მექსიკის ჩრდილოეთ საზღვრისკენ მიიწევს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მათ იმედებს, რომ ისინი შეერთებულ შტატებში შევლენ, „ეროვნული საგანგებო შემთხვევა“ უწოდა.

საზღვრისპირა ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის 2000-ზე მეტი წევრი უკვე განალაგეს, თუმცა გუშინ დონალდ ტრამპმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ შესაძლოა მან საზღვარზე სამხედრო ძალები გადაისროლოს, რათა ქარავნის შეერთებულ შტატებში შესვლა არ დაუშვას.

ტრამპმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „ეროვნული საგანგებო ვითარების გამო, სამხედრო ძალებს ავამოქმედებ. მათ შეაჩერებენ!“

ამასთან ერთად, ტრამპი სასაზღვრო პატრულის პროფკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელს დაეთანხმა იმაში, რომ მიგრანტების მხრიდან შეერთებულ შტატებში თავშესაფრის ძიებაში, ბრალი დემოკრატებს მიუძღვით.

ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ჰონდურასი, ელ-სალვადორი და გვატემალა იმის გამო, რომ შეერთებული შტატებისკენ დაძრულ საკუთარ მოქალაქეებს არ აჩერებენ. ორშაბათს მან განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ ქვეყნებს დახმარება შეუწყვიტოს ან შეუმციროს.

ავადმყოფობებმა, პოლიციის მხრიდან დევნამ და შიშმა მიგრანტებზე თავისი გავლენა იქონია. ახლა მათი რაოდენობა 4 ათასიდან 5 ათასამდეა.

ოფიციალური პირების ცნობით, 1700 მიგრანტი ქარავანს უკვე ჩამოშორდა და თავშესაფარი მექსიკაში ითხოვა. რამდენიმე ასეული გადაღლილი მიგრანტი, საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შესახებ მექსიკის მთავრობის შეთავაზებას დათანხმდა.

XS
SM
MD
LG