ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიხუანას მაღაზია ვაშინგტონში


A street vendor prepares herbal juice for sale in Dhaka, Bangladesh.
A street vendor prepares herbal juice for sale in Dhaka, Bangladesh.

კოლუმბიის ოლქი მეჩვიდმეტეა იმ შტატების შემდეგ, სადაც მისი ლეგალიზება მოხდა

კომპანია „ვიგროუს“ ამერიკაში მაღაზიების მთელი ქსელი აქვს შექმნილი. მისი ახალი ობიექტი ვაშინგტონში როდ აილენდის ავენიუზე გაიხსნა. „ვიგროუ“ არა თავად მარიხუანას, არამედ მისი მოყვანისთვის აუცილებელ მასალას ყიდის.

მაღაზიის მფლობელი, ალექს ვონგი ამბობს, რომ ამ საქმის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დედა მძიმედ ავად გაუხდა. როგორც ირკვევა, ალექსის დედას კიბო ჰქონდა და ის თავად დარწმუნდა, რომ მარიხუანას ქიმიოთერაპიის დროს გვერდითი მოვლენების შემსუბუქების უნარი გააჩნია.

დედა კიბოთი 7 წლის წინ გარდამეცვალა. ისეთ ტკივილს და წამებას ვუყურე, რომელიც წლობით გრძელდებოდა… ვერც ჭამდა, მორფს საერთოდ ვერ იღებდა. რატომ უნდა გაევლო ამდენი ფიზიკური ტკივილი და უბედურება“ - კითხულობს ის.

ალექსი ამბობს, რომ ანალოგიური მაღაზიები კალიფორნიის, არიზონის და ვაშინგტონის შტატებშიც არის გახსნილი. ვაშინგტონის ფილიალში ის ყიდის მიწის დასამუშავებელ იარაღს, სასუქს, ნერგებს, მოსაყვან სისტემებს - ყველაფერს, რაც მარიხუანის მოყვანისთვის არის აუცილებელი.

ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი ბიზნესი უახლოეს 5 წელიწადში შესაძლოა 9-მილიარდიან ინდუსტრიად იქცეს. დარ მანი „ვიგროუს“ აღმასრულებელი დირექტორია და ამბობს, რომ მისი კომპანია დღითი-დღე იზრდება.

რამდენიმე თვეში არიზონაში და კალიფორნიაში კიდევ უფრო გავიზრდებით. პირველ მაღაზიებს დელოვერის, ნიუ ჯერსის და ვაშინგტონის შტატებშიც ვხსნით“ - ყვება „ვიგროუს“ აღმასრულებელი დირექტორი და თან ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კომპანია მარიხუანის გაყიდვით არ არის დაკავებული, ის მხოლოდ იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც სამკურნალო მცენარის მოყვანა სურს.

მარიხუანას მოყვანა, გაყიდვა და მოხმარება შეერთებული შტატების ფედერალური კანონით აკრძალულია. მაგრამ მას შემდეგ, რაც მცენარის სამედიცინო საჭიროება დადასტურდა, 16-მა შტატმა და კოლუმბიის ოლქმა ახალი კანონმდებლობა მიიღო. ახლა იქ მარიხუანის მოხმარება მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ ხდება, მათ შორის კიბოს, შიდსის, ზურგის ტკივილის, ნერვული აშლილობის და ასე შემდეგ.

ვაშინგტონის ახლადგახსნილ მაღაზიაში მოსულებს შორის არის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსი, დიკ კენედი. ის მარიხუანის აკრძალვას უგუნურ ტრადიციად მიიჩნევს.

„40 წლის წინაც გარკვევით ვიცოდით, რომ მარიხუანას გაცილებით ნაკლები მავნებლობა აქვს, ვიდრე ალკოჰოლს ან თამბაქოს. მისი აკრძალვა მაინც და მაინც გონივრულ საქმედ არ მიმაჩნია“ - ამბობს ის.

16 შტატში და ვაშინგტონის ოლქში შემოღებულ ახალ კანონს უამრავი დამატებითი რეგულაცია და კონტროლის მექანიზმები დასჭირდა, რათა მარიხუანას მოყვანა და მოხმარება კანონის ფარგლებში და მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით მოხდეს. პოლიციას ხშირად უწევს რეიდების განხორციელება, რათა ამ შტატებში უკანონო პლანტატორების ქმედებები აღკვეთოს. მარიხუანის ლეგალიზაციის აქტივისტები აცხადებენ, რომ მსგავს რეიდებში ხშირად კანონიერი მწარმოებლებიც ყვებიან.

იმედი გვაქვს, რომ რეიდებში დაიწყებენ სამედიცინო დანიშნულების მარიხუანის მომყვანის და არალეგალური მწარმოებლების ერთმანეთისგან გარჩევას“ - ამბობს სტივ ფოქსი, ვაშინგტონში მდებარე კანაფის ეროვნული ასოციაციის თანამშრომელი. ამასთან დაკავშირებით, ხუთი შტატის კანონმდებლებმა სპეციალური წერილი დაწერეს, რომელშიც ფედერალურ მთავრობას სამედიცინო მარიხუანის მომყვანებზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებენ.

სიახლე ხშირად რთულად მკვიდრდება. მითუმეტეს ისეთ საკამათო საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა მარიხუანას მოყვანა და გაყიდვა. ამის მიუხედავად „ვიგროუს“ მაღაზიების ქსელი სწრაფად იმკვიდრებს თავს და მომავალი ექსპანსიის საკმაოდ აგრესიული გეგმა აქვს.
XS
SM
MD
LG