10 წლის შემდეგ, რაც ახალ ორლეანს დამანგრეველი ქარიშხალი „კატრინა“ დაატყდა თავს, ამერიკის სამხრეთით მდებარე ქალაქში ექსპრეზიდენტები -უმცროსი ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი- ჩადიან. გუშინ იქ პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმყოფებოდა. ბუში ახალ ორლეანში იმყოფება, კლინტონი კი სტიქიით დაზარალებულ ქალაქს ხვალ ესტუმრება.
ბუში სიტყვით უორენ ისტონის საშუალო სკოლაში გამოვიდა. ექსპრეზიდენტი ასევე დაესწრება განათლების პრობლემების საკითხებზე ორგანიზებულ მრგვალ მაგიდას, რომლის მთავარი თემა ქარიშხლის შემდეგ ახალი ორლეანის სკოლების აღდგენაა. კლინტონი ხვალ ქალაქის ახლანდელ მერთან და სხვა ადგილობრივ კულტურულ, თუ რელიგიურ ლიდერებთან ერთად ოფიციალურ ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს.
2005 წელს, როცა ქარიშხლის გამო წყლის ნიაღვარმა ახალი ორლეანის დამცავი ჯებირები გაარღვია, ამერიკის პრეზიდენტი უმცროსი ჯორჯ ბუში იყო. მას სტიქიურ უბედურებაზე არასწორი რეაგირების გამო ხშირად აკრიტიკებენ. წყალდიდობის შედეგად 1 800-მდე ადამიანი დაიღუპა და 100 000-ზე მეტი სახლი დაინგრა. ქალაქის 80 პროცენტი წყლით იყო დაფარული. ზარალმა 135 მილიარდს გადააჭარბა, რის გამოც „კატრინა“ ამერიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე „ძვირადღირებულ“ სტიქიურ უბედურებად ითვლება.