წარმომადგენელთა პალატის წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში წინ მიიწევენ. პრეზიდენტს ბრალი საკუთარი პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად პოსტის ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ედება.
პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ რამდენიმესაათიანი დებატები კანონმდებლებისადმი მიმართვით გახსნა. მისი თქმით, უკრაინისგან საკუთარი მეტოქის, ჯო ბაიდენის შვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით და კონგრესის გამოძიებისთვის წინ აღდგომის გამო, პრეზიდენტმა მათ "სხვა გზა აღარ დაუტოვა", გარდა იმისა, რომ მისი იმპიჩმენტი მოითხოვონ.
"თუკი ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობების უგულვებელყოფა იქნება. დღეს ჩვენ აქ ჩვენი დემოკრატიის დასაცავად ვართ", - თქვა ნენსი პელოსიმ.
რესპუბლიკელი კონგრესმენი დაგ კოლინსი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია, პელოსის მიერ ტრამპის შეფასებებს მიკერძოებულად მიიჩნევს. მისი თქმით, დემოკრატებს თავიდნავე, მისი არჩევის დღიდანვე უნდოდათ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის მოწყობა. ახლა კი კოლინსის აზრით, როდესაც არჩევნებიდან 1 წელზე ნაკლები დროა დარჩენილი, ტრამპის პრეზიდენტობის საკითხი 2020 წელს, არჩევნებზე უნდა გადაწყდეს.
"პრეზიდენტს არაფერი დაუშავებია", - ამბობს კოლინსი.
პალატაში სხდომა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდება. ამის შემდეგ კი კანონმდებლები იმპიჩმენტს ორი მუხლით უყრიან კენჭს. პალატაში დემოკრატები მნიშვნელოვან უმრავლესობას ფლობენ. თითქმის ეჭვგარეშეა, რომ მთლიანი პალატის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი ამერიკის 243 წლიან ისტორიაში მესამე პრეზიდენტი გახდება, რომლის იმპიჩმენტსაც წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს.
ამის შემდეგ იმპიჩმენტის საკითხი სენატში გადაინაცვლებს. რესპუბლიკური უმრავლესობის მქონე სენატი კი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას, როგორც მოსალონდელია, მხარს არ დაუჭერს. სენატში სასამართლო, არჩევნებამდე დაახლოებით 10 თვით ადრე გაიმართება.
Facebook Forum