გუშინ შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენები თემაზე „თურქეთის საგარეო პოლიტიკის მიმართულება: შედეგები ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებისთვის.“ მოსმენები გახსნა კომიტეტის თავჯდომარემ კონგრესმენმა ჰოვარდ ბერმანმა.
„დღევანდელი დისკუსიები ძირითადად თურქეთის ირანთან, ისრაელსა და პალესტინელებთან ბოლოდროინდელ და საკმაოდ შემაშფოთებელ ურთიერთობას დაეთმობა, და ამ პოლიტიკით გამოწვეულ შედეგებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ხსენბულ საკითხებთან დაკავშირებით შემდეგი შენიშვნა გააკეთა: ‘თურქეთის ქმედება ბევრ კითხვას ბადებს არა მხოლოდ ქვეყნის ორიტენტაციის შესახებ არამედ იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სერიზულად უდგება ანკარა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას.’“
მოსმემნებისთვის წინასწარ მომზადებულ შენიშვნებში ბატონმა ბერმანმა აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით შემდეგი ხუთი დაკვირვება შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ეჭვგარეშეა: პირველი, თურქეთი ცდილობს გაზარდოს გავლენა ახლო აღმოსავლეთში. ამ მიზნით ანკარა იყენებს ისრაელის კრიტიკასა და მოძრაობა ჰამასის მხარდაჭერას; მეორე, თურქეთის ურთიერთობა მოძრაობა ჰამასთან შემაშფოთებელია რადგან ის ძირს უთხრის არა მხოლოდ პალესტინური ავტონომიის ხელმძღვანელობას არამედ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს; მესამე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ თურქეთმა აღიაროს ოსმალეთის იმპერიის მიწურულს მომხდარი სომხების გენოციდი; მეოთხე, კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ თურქეთმა შეაჩეროს თურქი მოქალაქეების დასახლება კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში და შეამციროს იქ დისლოცირებული სამხედრო ძალების კონცენტრაცია რადგან თურქეთის სუვერენიტეტი არ ვრცელდება ამ ტერიტორიაზე; და, მეხუთე, აუცილებელია, რომ თურქეთში ჭეშმარიტი პრესის თავისუფლება დამკვირდრეს.
ხოლო კომიტეტის წევრმა კონგრესმენმა ფლორიდის შტატიდან ქალბატონმა ილეანა როს-ლეტინენმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ჩვენ შეიძლება მოწმეები გავხდეთ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში გარდატეხის მომენტისა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ სახელმწიფოებს შორის საგარეო ურთიერთობათა პოლიტიკის სფეროში უთანხმოებები სერიოზულ გამოწვევებს უქმნის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ამ კონტექსტში უწინარეს ყოვლისა მე დავასახელებდი თურქეთის წინააღმდეგობას ირანზე სანქციების დაწესების მიმართ.“
მოსმენებზე სიტყვით გამოვიდა ახლო აღმოსავლეთის ვაშინგტონის ინსტიტუტის თურქეთის კვლევითი პროგრამის დირექტორი ბატონი სონერ ჩაგაპტაი. თავის გამოსვლაში მან კერძოდ აღნიშნა:
„მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საგარეო პოლიტიკის ხედვა ის გახლავთ, რომ თურქეთი გახდეს ცენტრალური სახელმწიფო, რომელიც დასავლეთს აღმოსავლეთთან დააკავშირებს, და შესძლებს დიალოგს როგორც ისრაელთან ისე პალესტინელებთან. სახელმწიფო რომელიც როგორც ირანის ისე დასავლეთის ნდობით ისარგებლებს. ეს ხედვა წარუმატებელი აღმოჩნდა. იგივე შეიძლება ითქვას თურქეთის ამბიციებზე გახდეს უფრო ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფო.“
მოსმენებზე მიწვეული იყო აგრეთვე შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი თურქეთსა და აზერბაიჯანში და ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული ევრაზიის ცენტრის დირექტორი ბატონი როს ვილსონი. მისი თქმით:
„ჩვენ სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია გარდა ამ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა. რასაკვირველია ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება, მაგრამ ამ სფეროში მცდელობები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ შევინარჩუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც იმავდროულად პრობლემებით აღსავსე იქნება. მე ვფიქრობ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე თანამშრომლობა თურქეთთან ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა იქნება, რომელზეც ბევრი დრო და ენერგია დაიხარჯება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო ურთიერთობების კომიტეტს კიდევ არაერთხელ მოუხდება ამ საკითხის განხილვა.“
განსხვავებული აზრი ჰქონდა მოსმენებზე მოწვეულ ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელს მაიკლ რუბინს.
„მზარდი მტკიცებულებების მიუხედავად თურქეთი არც საიმედო მოკავშირე სახელმწიფოს წარმოადგენს და არც ის ძალაა, რომელიც ყოველთვის ზომიერებისკენ იხრება. ეს კი არ წარმოადგენს საღი საგარეო პოლიტიკის საფუძველს,“ დასძინა რუბინმა.