გასულ თვეს თურქეთმა ირანის წინააღმდეგ გაეროს ახალ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. ამან კი ბევრს აფიქრებინა, რომ ანკარასა და თეირანს შორის აქამდე არნახული მჭიდრო თანამშრომლობის პერიოდი დგებოდა. თუმცა, თურქეთის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ახლო აღმოსავლეთში, ირანის როლის თანდათანობით შესუსტებას იწვევს. როგორია ერთი შეხედვით თურქულ-ირანული ურთიერთობები? მათ ერთმანეთთან 500 კილომეტრიანი საზღვარი აქვთ. გარდა ამისა, მათ შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად 7,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. თურქეთის ტურისტული ინფრასტურქტურა ირანელებისთვისაც მიმზიდველია და იქ ყოველწლიურად ერთი მილიონი ირანელი ჩადის.
თუმცა, აპრილში, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ ავღანეთის საკითხზე გამართულ ფორუმზე თავის ავღანელ და პაკისტანელ კოლეგებს უმასპინძლა, ირანი იმ მცირე ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდა, რომელმაც პრეზიდენტის დონეზე ამ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო.
თურქულ-ირანული ურთიერთობების მკვლევარი ელიოტ ჰენ-ტოვი ამის მიზეზების ახსნას ცდილობს.
„ირანი თურქეთთან ურთიერთობაში არაკომფორტულად გრძნობს თავს. ეს არასდროს იქნება,“ - აცხადებს ელიოტი. მისი თქმით, ირანელები შეცბუნებულები არიან და შურთ კიდეც, რომ 30 წლის წინ თურქეთი, რომელიც განვითარების დონით რევოლუციამდელ ირანს ბევრად ჩამორჩებოდა, ახლა ორჯერ უფრო მდიდარი ქვეყანაა. ელიოტი აცხადებს, რომ ეს განწყობა სერიოზულ გავლენას ახდენს პოლიტიკურ ურთიერთობაზეც.
თუმცა, ბოლო წლებში თურქეთსა და ირანს შორის ურთიერთობები თვისობრივად შეიცვალა. დღეს თურქეთი ახლო აღმოსავლეთში უმსხვილეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს. მსოფლიოში კი ეკონომიკური განვითარების დონით მე-16-ე ადგილს იკავებს. ამდენად, შესაძლოა ირანი თურქეთს ეკონომიკური თანამშრომლობის და აქედან სარგებლის მიღების ნიშნით აფასებდეს. რაც შეეხება ანკარას პოლიტიკური აქტიურობას რეგიონში, თურქეთი არბიტრის როლს ასრულებს სირია-ისრაელის კონფლიქტში; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ლიბანის პოლიტიკური შერიგების პროცესში; ასევე ანკარა აქტიურად ცდილობს სირისა და საუდის არაბეთის დაახლოებას. საგარეო პოლიტიკის გააქტიურებით კი, თურქეთი მუსლიმთა დამცველი ქვეყნის ტიტულსაც ითავსებს, რომელზეც აქამდე პრეტენზიას ირანი აცხადებდა.
ანკარამ რეგიონს და მსოფლიოს გასულ კვირას კიდევ ერთი სიუპრიზი შესთავაზა. თურქეთი ისრაელის წინააღმდეგობის მიუხედავად, პალესტინის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის განვითარების ინიციატივით გამოვიდა.
„ეს რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა „ჩაგრულთა“ თავგამოდებული დამცველის როლია, რომელსაც ადრე ირანი ნაწილობრივ ითავსებდა. ის შესაძლოა თავის თავს რევოლუციურ დისკურსში ხედავდა, თუმცა ეს ბაზარზე შემდგომ ნაბიჯად განიხილებოდა. ამდენად, ჩვენ ახლა ბაზარზე უკეთესი ალტერნატივა გვაქვს,“ - აცხადებს ელიოტი.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არაბებისთვის გაჭიანურებული რეგიონალური კონფლიქტების მოსაგვარებლად სუნიტური თურქეთის ლიბერალური ისლამი უფრო მისაღებია.
ეს ცვლილება კი იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო ნაკლებად ენდობიან ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერას. გასულ თვეს, პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ უარი განაცხადა ირანის წინადადებაზე, რომელიც ბლოკირებული ღაზას სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის გაცილებას ითვალისწინებდა. „ჰამასმა“ ეს იმით ახსნა, რომ ირანის მონაწილეობას შესაძლოა უფრო გაერთულებინა ვითარება. გარდა ამისა, ჩატარებული გამოკითხვები მიუთითებს, რომ პალესტინელთა ნახევარი და ლიბანელთა 60 პროცენტი ირანის როლის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. თუმცა, ანკარასა და თეირანის საერთო ინტერესები, შესაძლოა საბოლოო ჯამში ორ ქვეყანას შორის ძლიერ კავშირად იქცეს.
გასულ თვეს გაეროს მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ვაშინგტონში თურქეთის წარმომადგენლებმა ძლიერი ოპონირება გაუწიეს.
„ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ან ძალის გამოყენება თურქეთს დააზარალებს.თუ ჩვენ გვთხოვენ, რომ დავადგინოთ საზღვრები, ასევე უნდა მოგვცენ შანსი რომ უფრო ეფექტურად დავიწყოთ ირანთან დიალოგი. ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ ირანის გვერდით ვართ და არა ათი ათასი კილომეტრით დაშორებული, როგორც თქვენ ხართ ამ შესანიშნავ ქვეყანაში,“- განაცხადა შეერთებულ შტატებში თურქეთის ელჩმა ნამიკ ტანმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ირანი რუსეთის შემდეგ თურქეთისთვის გაზის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია. ხოლო, თურქეთი, თავის მხრივ, ირანისთვის დასავლეთის მხრიდან ბუფერის როლს ასრულებს. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თურქეთის როლის გაზრდა ირანის გავლენის შესუსტებას იწვევს.