ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში 3 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად 100 ათასზე მეტი "კოვიდ" ინფიცირება აღირიცხა


პარასკევს, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 121 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხა. ეს მიყოლებით მესამე დღე იყო, როდესაც ქვეყანაში100 ათასზე მეტი ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირება შეერთებული შტატების ყველა რეგიონში მკვეთრად იზრდება და “კოვიდ-19”-ის მსხვერპლთა რიცხვიც ზემოთ მიიწევს.

შეერთებულ შტატებში ჰოსპიტალიზაციების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც შუა-დასავლეთის და სამხრეთის შტატები იძულებული გახდნენ, ახალი პაციენტების დიდი ტალის მისაღებად საგანგებო ზომები მიეღოთ.

ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ შუა-დასავლეთის შტატები აღმოჩნდნენ. ილინოისში, ინდიანაში, აიოვაში, მინესოტაში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ნებრასკაში და ოკლაჰომაში ინფიცირებების სარეკორდო რიცხვი აღრიცხეს.

სექტემბრის შუა რიცხვებში ვითარების გამწვავების შემდეგ, ზოგიერთი შტატი პერიოდულად შეზღუდვების ნაწილობრივ ზომებს მიმართავდა. მეინის შტატში პირბადის ტარების მოთხოვნა ყველა საჯარო სივრცეზე გაავრცელეს.

პარასკევს, კოლორადოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის მზარდი ტალღის შესაჩერებლად, მოსახლეობას დაჟინებით მოუწოდა, საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე სახლში დარჩნენ.

ჯონს ჰოპკინსის სტატისტიკის თანახმად, ამჟამად შეერთებულ შტატებში ინფიცირების 9.7 მილიონი შემთხვევაა აღრიცხული, მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც კორონავირუსის 8.4 მილიონი შემთხვევაა დადგენილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG