11 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-მა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მეათე წლისთავზე, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლითაც ვაშინგტონი და თბილისი სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრობის ძირითადი პრინციპების მიმართ ერთგულებას ადასტურებენ.
„2009 წლიდან შეერთებული შტატები და საქართველო თანამშრომლობენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ერთად გაიღეს მსხვერპლი ერაყსა და ავღანეთში. აშშ-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკაში ორივე მხარისთვის სარგებლის მოსატანად. შეერთებული შტატები კვლავაც მიესალმება და მხარს უჭერს რეფორმებს საქართველოში“, ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო აცნობიერებენ, რომ ძლიერ და მდგრად საქართველოს ყველაზე უკეთ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა“. დეკლარაცია აცხადებს, რომ მხარეები აპირებენ გააგრძელონ „საქართველოს თადაცვისუნარიანობის გაძლიერება, რათა საქართველოს ჰყავდეს ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეძლებენ ტერიტორიის დაცვას, აგრესიის შეკავებას და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობას“.
დოკუმენტი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს უფლება თავად აირჩიოს პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში. ამერიკა მხარს უჭერს 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ და 2018 წელს, ბრიუსელის სამიტზე დადასტურებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. დეკლარაციის თანახმად, ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს წევრობისთვის მზადების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს.
აშშ და საქართველო კვლავ ერთგულნი არიან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა რუსი სამხედროების დისლოცირების 2008 წლამდელ პოზიციებზე გაყვანაა.
აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ მდგრადი და პლურალისტური დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საქართველოს განვითარებისთვის და მავნე უცხოური გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ხელი შევუწყოთ უფრო დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი თამაშის წესები და დემოკრატიული არჩევნები, განმტკიცდეს მედიაპლურალიზმი, კიდევ უფრო გაძლიერდეს კონტროლისა და ბალანსის სისტემა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებში და საქართველოს გავუზიაროთ საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკა“, აცხადებს დეკლარაცია.
აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ კეთილდღეობა დამოკიდებულია სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე, ღია საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც მიჰყვება განვითარების მოწინავე პრაქტიკას და პროდუქტების, ენერგიის და სერვისების თავისუფალ მიმოქცევას.
„ვგეგმავთ ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების გაზრდას, საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნეს-პრაქტიკის განვითარებას და მხარს დავუჭერთ საქართველოს მისწრაფებას გააფართოვოს რეგიონული კავშირები, გაზარდოს ენერგოუსაფრთხოება და გახდეს სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბი. ასევე, აღებულ ვალდებულებებზე დაყრდნობით, წინ წასწიოს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის მეთაურობით დაწყებული უმაღლესი დონის დიალოგი ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხზე, სხვადასხვა ვარიანტის განხილვის გზით. ორივე მხარე შეთანხმდა, გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები, რათა გააღრმავოს და გააფართოვოს ეკონომიკური პარტნიორობა“, ნათქვამია დეკლარაციაში.
აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ხალხთა შორის კონტაქტები ამყარებს ურთიერთგაგებას და აძლიერებს კულტურებს. მხარეები აპირებენ განამტკიცონ საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო კავშირები, რათა მოსახლეობა დაცული იყოს მავნე პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან.
აშშ და საქართველო ერთად იმოქმედებენ იმ სამშვიდობო ინიციატივების განსახორციელებლად, რომელიც მიმართულია რუსული ოკუპაციის მიერ დაყოფილ თემებს შორის კავშირების განმტკიცებისკენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
აშშ და საქართველო ადასტურებენ ერთგულებას პარტნიორობისადმი, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე მათი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.
Facebook Forum