ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა


სიტუაცია ღაზას სექტორში მწვავდება: ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულია ჰამასის სამხედრო მეთაური

14 ნოემბერს, გვიან ღამით, გამართული უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა პალესტინელების სახელით ეგვიპტის და მაროკოს სახელმწიფოებმა მოითხოვეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომას გაეროს პოლიტიკური საკითხების კოორდინატორმა, ჯეფრი ფელტმანმა უხელმძღვანელა. მან ჯერ 15 წევრი ქვეყნის აზრი მოისმინა და შემდეგ დაპირისპირებული მხარეების, ისრაელის და პალესტინის ელჩებს ესაუბრა.

როგორც ცნობილია, 14 ნოემბერს, ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლულ იქნა ჰამასის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მეთაური. აჰმედ ალ-ჯააბარი ღაზაში მანქანით მგზავრობდა, როდესაც მის მანქანას ჭურვი მოხვდა. პალესტინის მხარე იუწყება, რომ შეტევის შედეგად კიდევ ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამოქალაქო პირები და სამი ბავშვია. დაღუპულთა შორისაა 11 თვის ჩვილი და 19 წლის ორსული ქალი. ჰამასის დაჯგუფება ისრაელზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებს და აცხადებს, რომ ისრაელმა ამ შეტევით „ჯოჯოხეთის კარიბჭე გახსნა".

„მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელის მოქალაქეებს მხარდაჭერის და ამ ნაბიჯის გადადგმისთვის. განსაკუთრებით კი, სამხრეთში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება, მაგრამ მყარად დგას და სიმშვიდეს ინარჩუნებს,“ - განაცხადა ამ ფაქტთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ქვეყნის პირველი პირი აღნიშნავს - ისრაელი ყველა ღონეს იხმარს, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, თუნდაც ამას ღაზას სექტორში ოპერაციის გაფართოება დაჭირდეს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მისული ისრაელის ელჩი, რონ პროსორიც იგივე სახის განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 14 ნოემბრის ოპერაცია თავდაცვით ხასიათს ატარებდა და ის მიზნად ღაზას მხრიდან სარაკეტო შეტევების აღკვეთას ისახავდა.

„ნებისმიერ ქვეყანას, ნებისმიერ ერს, ნებისმიერ მთავრობას აქვს საკუთარი მოქალაქეების დაცვის უფლება. ჩვენ ამის გაგრძელებას არ დავუშვებთ,“ - აცხადებს ისრაელის ელჩი გაეროში.

ალ-ჯააბარი ათწლიანი ტერორისტული საქმიანობის გამო იქნა მოკლული - აცხადებს ისრაელის სადაზვერვო სამსახური, რომელიც მასზე დიდი ხანია ნადირობს. ალ-ჯააბარი სასურველ ძებნილთა სიაში ერთ-ერთი პირველი იყო. ის ჰამასის ყველაზე მაღალი ჩინის მქონე ტერორისტია, რომლის მოკვლა 4 წლის წინ ისრაელის ღაზას სექტორში შეჭრის შემდეგ მოხდა.

პალესტინის ელჩი რიად მანსური აფრთხილებს უშიშროების საბჭოს წევრებს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე სამხედრო მობილიზაცია ხდება, რაც პალესტინის მოსახლეობაში პანიკას იწვევს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელის მხარეს შეწყვიტოს სარაკეტო თავდასხმა ღაზას სექტორზე.

„ეს აგრესია უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ვგმობთ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. თუკი ისრაელი არ გაჩერდება, უშიშროების საბჭო ისევ უნდა შეიკრიბოს,“ - განაცხადა პალესტინის ელჩმა გაეროში.

გაეროს უშიშროების საბჭოში ჩატარებული განხილვების შემდეგ განცხადებას ამ თვეში საბჭოს პრეზიდენტი, ჰარდიპ სინ პური აკეთებს. ის ამბობს, რომ კომენტარს აკეთებს არა საბჭოს თავმჯდომარის სახელით, არამედ როგორც ინდოეთის ელჩი გაეროში და იმედოვნებს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა ნაყოფს გამოიღებს და ღაზას სექტორში სიტუაციის დეესკალაცია მოხდება.

ხუთშაბათს ისრაელმა ღაზას სექტორზე მორიგი იერიში მიიტანა, სწორედ მაშინ როდესაც ჰამასის სამხედრო მეთაურის დაკრძალვა მიმდინარეობდა. ღაზას ჯანდაცვის მინისტრი მუფიდ მხალალათი ამბობს, რომ ისინი ძალადობის კიდევ უფრო მეტ ესკალაციას ელოდებიან.

„ისრაელის მხრიდან კიდევ უფრო უარესის მოლოდინში ვართ. ჩვენი სამედიცინო პერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არ არის საუბარი იმაზე, მზად ვართ თუ არა. მთავარია ახლა როგორმე ისრაელი შევაჩეროთ და პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე კრიმინალური ქმედება შეწყდეს,“ - აღნიშნავს მინისტრი.

შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, სიუზან რაისმა განაცხადა, რომ ჰამასის და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების „გამართლება ყოვლად დაუშვებელია“. ისრაელის ხალხის მიმართ განხორციელებული შეტევები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, - აღნიშნა მან. თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა მას, რომ შეერთებული შტატები ისრაელის თავდაცვის უფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
XS
SM
MD
LG