ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბილი გრემი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა


1984 წელი, რუსეთი.
1984 წელი, რუსეთი.

ამერიკელი ევანგელისტი პასტორი ბილი გრემი - რომელსაც ბევრი მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიან ქრისტიან სულიერ ლიდერად და მოღვაწედ მიიჩნევს, დღეს, 99 წლის ასაკში ჩრდილოეთ კაროლინაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ათწლეულების განმავლობაში გრემის ქადაგებებს 200 მილიონზე მეტი ადამიანი უსმენდა, 185 ქვეყანაში და სხვადასხვა ტერიტორიაზე. ის აწყობდა მასობრივ მსვლელობებს, რომლებსაც ათეულობით ათასი ადამიანი ესწრებოდა, მილიონობით კი ტელევიზიის საშუალებით ადევნებდა თვალს. მისი ქადაგებების თითქმის 70-წლის განმავლობაში გრემი ამბობდა, რომ ქრისტიანული რწმენა კაცობრიობის ყველა უბედურებაზე ერთადერთი პასუხი იყო.

ეთიოპია, 1960 წელი
ეთიოპია, 1960 წელი

გრემის ორგანიზებულ რელიგიურ მსვლელობებს „ჯვაროსნულ ლაშქრობებსაც“ უწოდებდნენ. ამგვარი მსვლელობა მან ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე ჩაატარა, ესწრებოდა მათ პირადად და ზოგჯერ ერთვებოდა სატელიტის მეშვეობით. საბჭოთა კავშირის წევრ სახელმწიფოებში კი ის ჯერ კიდევ კომუნისტური ბლოკის დაშლამდე ქადაგებდა. 1994 წლის ზამთარში ის ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა და იქადაგა.

ათწლეულების მანძილზე მოგზაურობის შემდეგ კი ამბობდა, რომ ქრისტიანობა აღარ არის „მხოლოდ დასავლური რელიგია“.

„ქრისტიანობა აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში უფრო ძლიერია ვიდრე ევროპაში, ბევრად უფრო ძლიერი. ევროპაში, მას ქრისტიანობას უწოდებენ, მაგრამ მას არ აქვს იმდენი ძალა. მე ვიყავი რომში და ვესაუბრე ამის შესახებ რომის პაპსაც და ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ რეალური ქრისტიანობა ახლა იქ უფრო ძლიერია, რასაც ჩვენ მესამე სამყაროს ვუწოდებთ“, - თქვა ერთხელ გრემმა.

ეთიოპია, 1960 წელი
ეთიოპია, 1960 წელი

​ევანგელისტი პასტორი 1940 წლიდან, ჰარი ტრუმანის შემდეგ ამერიკის ყველა პრეზიდენტის, მათ შორის ბარაკ ობამას, სულიერი მრჩეველი იყო.

გრემს ხშირად სთხოვდნენ ექადაგა ამერიკის ეროვნულ დღესასწაულებზე ან საჯარო ღონისძიებებზე, როგორიც იყო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და სხვა მსგავსი ღონისძიები. ის წლების განმავლობაში უამრავ განსხვავებულ მსოფლიო ლიდერს ხვდებოდა და იყო პორველი ევანგელისტი, რომელმაც "ცივი ომის" დროს ქრისტიანობის გზავნილები "რკინის ფარდის" მიღმა შეიტანა. გრემის ქრისტიანული ქადაგებები ბევრისთვის იყო შთაგონების წყარო, მას ბევრი ბაძავდა, თუმცა მისი მსგავსი გავლენისთვის არავის მიუღწევია.

1954 წელი, ფინეთი, სტადიონზე შეკრებილი 30 000 ადამიანი გრემის გამოსვლას ელოდება
1954 წელი, ფინეთი, სტადიონზე შეკრებილი 30 000 ადამიანი გრემის გამოსვლას ელოდება

​გრემი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და იშვიათად ჩნდებოდა საჯარო შეკრებებზე. თუმცა მისი 95 წლის იუბილე 2013 წლის ნოემბერში ფართო წრეში აღინიშნა. სტუმართა შორის იყო ჯერ კიდევ უძრავი ქონების მაგნატი ამერიკის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბევრი სხვა გამოჩენილი თუ გავლენიანი ადამიანი.

ბილი გრემის სიკვდილს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ უკვე გამოეხმაურა.

„დიდი ბილი გრემი გარდაიცვალა. მას არავინ ჰგავდა. ის მოენატრებათ ქრისტიანებს ყველა რეგიონიდან. ის განსაკუთრებული ადამიანი იყო“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

გრემის ვაჟი - ფრანკლინ გრემი ამბობს, რომ მისი უკანასკნელი გზავნილებიც ისეთი იყო, როგორიც მის დაბადების დღეზე ნაჩვენებ ვიდეოში: რომ ამერიკას სულიერი გამოფხიზლება სჭირდება.

ატლანტა, ჯორჯიის შტატი, 1994 წელი
ატლანტა, ჯორჯიის შტატი, 1994 წელი

გრემი ადამიანის უფლებათა მოძრაობის გამორჩეული ლიდერი არასდროს ყოფილა, თუმცა თავის გამოსვლებში რასიზმს ჯერ კიდევ საპროტესტო ტალღის აგორებამდე, 1953 წელს გმობდა. ერთხელ მან გადაიხადა გირაოს თანხა დაპატიმრებული მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის გასათავისუფლებლად, რომელიც ერთ-ერთი საპროტესტო დემონსტრაციის შემდეგ დააკავეს.

გრემი 1918 წელს ქრისტიანთა ოჯახში, ჩრდილო კაროლინაში მდებარე ფერმაში დიაბადა. ქადაგება კი თავისი მენტორის დახმარებით 18 წლიდან დაიწყო. მისი სტილი, მისი გამოსვლები იმდენად გამორჩეული იყო და იმდენად იზიდავდა ხალხს, რომ ცნობილმა გამომცემელმა, უილიამ ჰერსტმა თავის მფლობელობაში არსებულ გაზეთებს მითითება მისცა, მეტად გაეშუქებინათ ევანგელისტთა საქმიანობა და მისთვისაც მეტი ყურადღება დაეთმოთ. რეპორტიორებმა გრემს მეტსახელად "ღმერთის ავტომატური იარაღი" შეარქვეს.

გრემი ხალხს სულიერი ცხოვრებისა და ცოდვების მონანიებისკენ მოუწოდებდა. გრემი ამბობდა, რომ იმედგაცრუებული იყო, რადგან ქრისტეს დაბადებიდან 2000 წლის შემდეგაც მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა არ იყო ქრისტიანი.

ბილი გრემი მეუღლესთან ერთად, ლონდონი, 1959 წელი
ბილი გრემი მეუღლესთან ერთად, ლონდონი, 1959 წელი

ნიგერია, 1960 წელი
ნიგერია, 1960 წელი

ჩრდილოეთ კაროლინა, 2010 წელი
ჩრდილოეთ კაროლინა, 2010 წელი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG