განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ორგანიზებით 24 – 29 ნოემბერის ჩათვლით ვაშინგტონს საქართველოდან მაღალი რანგის სასულიერო პირები ეწვივნენ.
შეხვედრებზე განხილულ საკითხთა შორის დემოკრატიულ საზოგადოებაში რელიგიის როლი და რუსული დეზინფორმაცია იყო.
ხშირად საქართველოს ეკლესია კრიტიკის ქარცეცხლში ექცევა დასავლეთის მიმართ კრიტიკული შეფასებების გამო, თუმცა ეპისკოპოსი მელქისედეკი ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოს ერთადერთი გზა და ისტორიული ოჯახია:
"ჩვენ ყოველთვის ვიყავით დასავლურ ღირებულებებზე, მაგალითად ქრისტიანულ ღირებულებებზე. რაც გვაკავშირებს არის ადამიანის პატივისცემა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად მისი მდგომარეობისა, იყოს პატივცემული და ჩვენს დელეგაციაშიც, არა მხოლოდ მარლთმადიდებელი ეკლესიაა წარმოდგენილი და წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, არამედ წარმოდგენილი არიან საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების ხელმძღვანელები, როგორც კათოლილური, ასევე სომხური ეკლესიის ხელმძღვანელი, მუსლიმური წარმომადგენლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის საქმე, რომ ჩვენ გადავრჩეთ და გადავრჩეთ დასავლეთის მეშვეობით”, ამბობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (არკადი ხაჩიძე).
რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე (გურამ გამრეკელი) კი დასძენს, რომ “ჩვენი არჩევანია, რას დავინახავთ დასავლეთში. მარგინალურს თუ იმ კულტურულს, წარმატებულს, უკეთესს და იმას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიკეთო, პიროვნებისთვის არის სასიკეთო. ეს არის, პიროვნების თავისუფლება, მაგრამ არა აღვირახსნილობა, სიტყვის თავისუფლება, მაგრამ პასუხისმგებლობა, რასაც ამბობ, უნდა გაიაზრო და დაფიქრდე, ხომ არ აზიანებ შენი სიტყვით ვინმეს, ყოველი ჩვენი ქმედების უკან უნდა იდგეს, თავშიც და ბოლოშიც - სიყვარული ღვთისა, მოყვასისა, ადამიანისა, ქვეყნისა, მისი წარსულის, აწმყოსა და ზრუნვა მომავლისათვის. ამიტომ ამ კუთხით თუ ჩვენ შევხედავთ დასავლეთს, ნამდვილად ბევრი რამე გვაქვს სასწავლი, მისაღები, რაც გასაზიარებელი არის. ჩვენი მისიაც ამაში მდგომარეობს, რომ რაც უკეთესი არის ის მივიტანოთ ხალხამდე”, უთხრა მან "ამერიკის ხმას".
ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს საელჩო იყო და ის საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. მონაწილეებისთვის ვიზიტი, ბევრი ახალი იდეის და მოსაზრების მომტანი აღმოჩნდა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, ქორეპისკოპოს იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილი) აღნიშნა:
“ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და ძალინ ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. თან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ჩვენმა სტრატეგიულმა და ჯერჯერობით იმ ქვეყანამ- რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლისთვისაც ჩვენი თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო ვადექით. ამდენი წელია კი რუსეთი ღიად გვეომება. ამიტომ, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეს, რომ ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს”.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერებთან ერთად, შეხვედრებს საქართველოში მოქმედი სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის, კათოლიკური, სომხური და მუსლიმური თემის რელიგიური ლიდერებიც.
“ყველაფერი იწყება რელიგიიდან და რელიგიის წინამძღვრები ვართ ვალდებული, რომ ჩვენ ავუხსნათ ჩვენ მრევლს, რათა არ იყოს დაძაბულობა, მტრობა და ურთიერთსიძულვილი ქვეყანაში და რელიგიებს შორის”, განაცხადა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჰაკი ბეგლარ ქამაშიძემ.
“დეზინფორმაცია წარმოადგენს პრობლემას ნებისმიერისათვის, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, პიროვნებისგან, საზოგადოებისგან თუ სახელმწიფოს მხრიდან. თავისთავად ეს ნეგატიური მოვლენა არის და მე ვფიქრობ პასუხისმგებლობა უნდა იყოს დეზინფორმაციის გავრცელებაზე... დეზინფორმაცია სამწუხაროდ ძალზე მოქმედებს ბოლო პერიოდში. მე ვახსენე, რომ 2008 წლის მოვლენების დროს, პირადად მე ჩემი თვალით რასაც შევესწარი, ამგვარი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა რუსულ საინფორმაციო საშულებებში.
რაც შეეხება ეკლესიის თაობაზე კითხვას, არის თუ არა ეკლესია რუსული დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ ან იმეორებს თუ არა დეზინფორმაციას: მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა რელიგიური გრძნობის მქონე ადამიანისთვის გულისტკივილს წარმოადგენს საზოგადოება ან ადამიანი, რომელსაც რელიგიური გრძნობა არ გააჩნია და ის თავის თავს არ აყენებს ზნეობრივი პასუხისმგებლობის ქვეშ. კითხვა, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია არის თუ არა მსხვერპლი ამ დეზინფორმაციისა არის ასევე დეზინფორმაცია”, აცხადებს გორის და ატენის მეტროპოლიტი ანდრია.
“მე, როგორც ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში მოღვაწე მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, ვიტყვი, რომ დასავლეთი არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი რელიგიისათვის, ან სხვადასხვა რელიგიებისათვის, რომელიც საქართველოში არის წარმოდგენილი," "ამერიკის ხმასთან" საუბარში თქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ. "პირიქით. საუკუნებია რაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ. მხოლოდ არის, რომ თავისუფლება, რაც აქვს ადამიანის მიცემული ღმერთისგან, ჩვენ უნდა დავაფასოთ და დავაფასოთ ადამიანის თავისუფალი არჩევანი, არ ვიძალადოთ მათზე, მათ თავისუფალ არჩევანზე, და პატივი ვცეთ თითოეულ ადამიანს, როგორც ღვთისაგან შექმნილ პიროვნებას.”
რელიგიური ლიდერები, ოთხშაბათს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტი ოთხშაბათსვე დასრულდა.
Facebook Forum