ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და ევროკავშირი დროებით სავაჭრო ზავზე შეთანხმდნენ


შეერთებული შტატები და ევროკავშირი თითქმის 17-წლიან სავაჭრო კონფლიქტში, რომელიც ავიაწარმოების სუბსიდირებას ეხება, ზავზე შეთანხმდნენ. მხარეები დროებით, 5 წლით აჩერებენ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდის ტარიფებს, რომელიც უთანხმოებას იწვევდა.

მხარეები 2004 წლიდან, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში პარალელური სარჩელებით იბრძოდნენ. სარჩელები ეხებოდა ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებელი “ბოინგის” და ევროპული კონკურენტის “ეარბასის” სუბსიდირების საკითხს. ორივე მხარე ირწმუნებოდა, რომ უსამართლო კონკურენციით იჩაგრებოდა.

მარტში მხარეები შეთანხმდნენ 4 თვით შეეჩერებინათ ტარიფები 11.5 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე. ამ საქონელში ევროკავშირის ყველი და ღვინო და ამერიკული თამბაქო და ალკოჰოლი შედიოდა. ამ დროისთვის ბიზნესებმა 3.3 მილიარდ დოლარზე მეტი ბაჟი გადაიხადეს.

აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა ქეთრინ ტაიმ თქვა, რომ ორი მხარე შეთანხმდა, თუ დიდი სამოქალაქო თვითმფრინავების მწარმოებლებს როგორი დახმარება შეიძლება გაეწიოს. ისინი ასევე იმუშავებენ ავიაწარმოებაში სხვა ინვესტიციების საპირწონედ. სავაჭრო წარმომადგენელმა ამ კატეგორიაში კონკრეტულად ჩინეთზე მიანიშნა.

აშშ და ევროკავშირი ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფს შექმნიან, რათა უზრუნველყონ ბაზრის პირობების მიხედვით დაფინანსება, გამჭვირვალობა კვლევების დაფინანსების საკითხში, მოერიდონ მხარდაჭერას, რომელმაც შეიძლება მეორე მხარეს ავნოს და ითანამშრომლონ, რათა სხვა ნებისმიერ სფეროში “არა-საბაზრო პრაქტიკას” პასუხი გასცენ.

ევროკავშირის ყოფილი წევრი ბრიტანეთი, როგორც “ეარბასის” წარმოების ადგილი, იმედოვნებს, რომ რამდენიმე დღეში მსგავს შეთანხმებას მიაღწევს.

ამერიკა-ევროკავშირის ზავი, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროიდან შემორჩენილი ორი მთავარი სავაჭრო გამაღიზიანებლიდან ერთს აუქმებს. მეორე ტარიფი ეროვნული უსაფრთხოების ნიადაგზე იყო შემოღებული და ევროკავშირიდან ფოლადის და ალუმინის იმპორტს ეხება.

ბრიუსელმა და ვაშინგტონმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან პასუხი გასცენ ფოლადის გლობალურ ჭარბწარმოებას, რომელიც მეტწილად ჩინეთშია კონცენტრირებული.

შეერთებული შტატებისთვის უფრო რთული იქნება ლითონზე ტარიფების მოხსნა, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ეხება, როგორიცაა ჩინეთი, რადგან ამ ტარიფებს ჯერ კიდევ ბევრი ამერიკელი ლითონის მწარმოებელი და მუშაკი ემხრობა.

ბრიუსელი ასევე ცდილობს ვაშინგტონთან ვაჭრობაში ახალი, ე.წ. “დადებითი დღის წესრიგი” შეიტანოს, რომელიც მოიცავს მოკავშირეობის განმტკიცებას, რათა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის რეფორმას იმპულსი მიეცეს.

სავარაუდოდ, ორი მხარე შეეცდება ითანამშრომლოს სავაჭრო და ტექნოლოგიის სფეროებში, როგორიცაა ურთიერთთავსებადი სტანდარტების დადგენა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში საქმიანობის ხელშეწყობა.

XS
SM
MD
LG