ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკულ საქონელზე ტარიფებს ამცირებს


ჩინეთი აცხადებს, რომ 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე ტარიფებს შეამცირებს, რაც ორ ეკონომიკურ გიგანტს შორის სავაჭრო ომის დასასრულებელი შეთანხმების ნაწილი იქნება.

ხუთშაბათს, ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ზოგიერთ საქონელზე ტარიფები 10-დან 5 პროცენტამდე შეიკვეცება, სხვა საქონელზე კი 5-დან 2.5 პროცენტამდე. გადაწყვეტილება ძალაში შევა 14 თებერვალს, გრინვიჩის დროით 05:01-ზე.

ტარიფების შეკვეცა შეეხება სხვადასხვა საქონელს, მათ შრის, სოიოს მარცვალს, ღორის ხორცს და ავტო-ნაწილებს. პეკინის მიერ ტარიფების შეკვეცა, ვაშინგტონის მიერ ჩინურ საქონელზე ტარიფების მოსალოდნელი შეკვეცის თანადროულად მოხდება, რომელიც 120 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტს მოიცავს.

ტარიფების შემცირება შეთანხმების პირველი ფაზის ნაწილია, რომელსაც ორივე ქვეყნის მომლაპარაკებლებმა ხელი გასულ თვეში მოაწერეს. შეთანხმებამ დაასრულა ორ ქვეყანას შორის 2018 წლის ივნისში დაწყებული სამაგიერო ტარიფების სერია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავდაპირველმა მოთხოვნამ გამოიწვია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინეთისგან ვაჭრობის, სუბსიდირების და ინტელექტუალური საკუთრების პრაქტიკის შეცვლა მოითხოვა.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე, ჩინეთში ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქტის და ენერგომატარებლების ექსპორტის გაფართოებას მიაღწია.

შეთანხმება ასევე შეიცავს პეკინის დაპირებას, რომ ამერიკული კომპანიების ინტელექტუალურ საკუთრებას მეტად დაიცავს და უცხოური კომპანიების მიერ ტექნოლოგიის ძალდატანებით გადაცემის პრაქტიკას შეწყვეტს. თუმცა ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის, თუ ამ პირობების აღსრულება როგორ მოხდება.

შეერთებულ შტატებს ასევე სურს, რომ პეკინმა შეწყვიტოს სახელმწიფო საწარმოების სუბსიდირება და ამერიკულ კომპანიებს ჩინეთის ბაზარზე მეტი წვდომის უფლება მისცეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG