ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ჰონგ-კონგთან სამი ორმხრივი ხელშეკრულება შეაჩერა. გადაწყვეტილება ჩინეთის ქმედების საპასუხოდ იქნა მიღებული.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, შეჩერებული შეთანხმებები მსჯავრდებულთა ექსტრადიციას და საერთაშორისო გადაზიდვებიდან შემოსავლის მიღებას ეხება.
ეს ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხო რეაქციაა, მას შემდეგ რაც ჩინეთმა ივნისში ახალი კანონი მიიღო. რომელიც ჰონგ-კონგზე ვრცელდება და ის გარკვეულ ქმედებებში (დივერსია, ტერორიზმი, სხვა მთავრობასთან კავშირი) სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. კანონი ჩინეთმა ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო პროტესტის შესაჩერებლად მიიღო, რომელიც იქ თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
დასავლეთში ფიქრობენ, რომ ჩინეთმა ამ კანონის მიღებით, 1997 წლის შეთანხმება დაარღვია, რომელიც ჰონგ-კონგისთვის ავტონომიის მაღალი ხარისხის მინიჭებას გულისხმობდა.
ჩინეთის ამ ქმედებებიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰონგ-კონგთან ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა. საუბარია შეღავათიან სავაჭრო და დიპლომატიურ ურთიერთობებზე. მეტიც, ამერიკამ ინდივიდუალური სანქციები დაუწესა ჰონგ-კონგის ლიდერს და სხვა ჩინოვნიკებს. სანქციები შეეხოთ ჩინეთის სახელისუფლებო პირებსაც.
"ჩვენი ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ჩვენს ღრმა შეშფოთებას პეკინის ქმედებაზე, რომელმაც მიიღო ისეთი კანონი, რომელიც არღვევს ჰონგ-კონგთან დადებულ შეთანხმებას და ლახავს ჰონგ-კონგში მცხოვრები ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს,"- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა.
Facebook Forum