ამერიკის ეკონომიკას თებერვალში 227 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეემატა. უმუშევარობის მაჩვენებელი კი კვლავ უცვლელი რჩება 8.3 პროცენტის ფარგლებში. ეკონომისტები აცხადებენ, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკური წინსვლა რეცესიიდან გამოსვლის კარგი ნიშანია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მილიონობით ამერიკელი კვლავ უმუშევარია.
შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველთვიური ანგარიშის თანახმად, ეკონომიკა იმაზე სწრაფი ტემპით გამოდის კრიზისიდან, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. 2006 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში ფინანსური კრიზისი დაიწყო, უკანასკნელი ეკონომიკური მონაცემები ყველაზე ძლიერი და იმედისმომცემია.