ქალაქ ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს გადაწყვეტილებით 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციული "მეისის" ფოიერვერკი გაიმართება. თუმცა, როგორც მერმა თქვა სოციალური დისტანცირება დაცული იქნება და მოქალაქეებს ფოიერვერკის ყურება სახლიდან შეეძლებათ.
"ეს ვითარება არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება და ზუსტად ვერ გეტყვით დროს მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აუცილებლად ვიზეიმებთ, ნიუ-იორკში აუცილებლად გაიმართება ტრადიციული "მეისის" ფოიერვერკვი და ჩვენ ყველას შეგვეძლება სახლიდან ვადევნოთ მათ თვალი. მე უკვე მქონდა მის ხელმძღვანელთან კონტაქტი და ისინი მზად არიან, რომ უზრუნველყონ ტრადიციული ფოიერვერკი ნიუ-იორკში. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა,"- ამბობს ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიო.
როდემდე გაგრძელდება სოციალური დისტანცირება? - ქალაქის მერს ამაზე პასუხი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ მანამ, სანამ გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება, უნდა გაორმაგდეს ახალ კორონავირუსზე ტესტირებები.
"საუკუნის განმავლობაში ასეთი მდგომარეობა არ ყოფილა, დღეს ჩვენ ყველა ამ კრიზისის წინაშე ვართ და ამ გამოწვევას მაქსიმალურად ვუმკლავდებით. სურვილია, რომ მალე დავძლიოთ ეს ვითარება, მაგრამ ექიმებს, მეცნიერებს სჭირდებათ დრო გამოსავლის საპოვნელად. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და გავაგრძელოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცირება. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ტესტირების პროცესი გრძელდება და ამ მხრივ ჩვენ ყურადღებას უფრო ვამახვილებთ. ტესტირების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს იმისთვის, რომ გავიგოთ რეალური ვითარება და შევძლოთ ახალი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ტესტირების სისტემა, რომ ადამიანებს შორ მანძილზე არ უწევდეთ წასვლა ტესტირებისთვის და ეს ხელმისაწვდომი იყოს მათ მახლობლად. გპირდებით, რომ მე და გუბერნატორი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემია მალე დავამარცხოთ. ამისთვის გვაქვს ხედვა და ამ ხედვას მივყვებით, ჩვენ არ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი, თუმცა ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ," - თქვა ნიუ-იორკის მერმა.
Facebook Forum