შეერთებულ შტატებში ბოლო ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ ცოტა, 120 276-ით გაიზარდა. ბოლო ორი დღეა ამერიკა საკუთარ მსოფლიო რეკოდს ხსნის.
ახალი კორონავირუსის გამო ინფიცირების ზრდა მარტო რამდენიმე შტატისთვის დამახასიათებელი აღარაა. ის ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ვრცელდება.
რეკორდული ზრდა 50 შტატიდან 20-ში აღირიცხა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შუა დასავლეთის შტატებში. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დღეს ილინოისის და ტეხასის შტატებში დაფიქსირდა.
ასევე რთული ვითარებაა ნებრასკაში, ინდიანაში, აიოვაში, მიჩიგანში, მინესოტაში, მისურიში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ოჰაიოში და უისკონსინში. მთელ რიგ შტატებში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იმდენად გაიზარდა, რომ ეს ფაქტი ადგილობრივი ჯანდაცვის რესურსებს სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს.
მაგალითად, ჩრდილოეთ დაკოტაში აცხადებენ, რომ მთელ შტატში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მხოლოდ 8 თავისუფალი საწოლია დარჩენილი. ჰოსპიტალიზაცია პანდემიის დროს ერთ-ერთ მთავარ მაჩვენებლად ითვლება, რომელზეც არ მოქმედებს ის გარემოება, თუ რამდენი ტესტი გაკეთდა რეგიონში.
კოვიდ-19-ის გამო ჰოსპიტალიზაცია შეერთებულ შტატებში 11 დღეა შეუჩერებლად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საავადმყოფოში 52 000-ზე მეტი პაციენტი გადაიყვანეს. ეს მონაცემი ივლისში დაფიქსირებულ რეკორდს უახლოვდება, როცა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა თითქმის 58 370 იყო.
ზოგ ქალაქში და შტატში, ვირუსთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. ამერიკულ ოჯახებს უწევთ ერთ-ერთი საყვარელი ტრადიციული დღესასწაულის, მადლიერების დღისთვის გეგმების შეცვლა. წელს ის 26 ნოემბერს აღინიშნება.
Facebook Forum