ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტია კონგრესში უმრავლესობას შეინარჩუნებს


ყველაზე დიდი ინტერესი კენტუკის შტატში გამართულმა საარჩევნო შეჯიბრმა გამოიწვია, სადაც სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა
მიტჩ მაკკონელმა, „ჩაის სმის“ მოძრაობის მხარდაჭერილი კონსერვატიული მეტოქე ადვილად დაამარცხა.

ნოემბერში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, მაკკონელი შესაძლოა სენატის უმრავლესობის ლიდერი გახდეს.

„ჩვენ შეგვიძლია ჰარი რიდს ხელისუფლების ბერკეტები გამოვაცალოთ და ამ პრეზიდენტს პასუხი მოვთხოვოთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „ობამაქეარი“ გავაუქმო და ჩავანაცვლო.“

მაკკონელს, დემოკრატ ალისონ ლუნდერგან გრაიმისგან, ნოემბერში სერიოზული გამოწვევა ელის. გრაიმსი ერთ-ერთია იმ რამდენიმე დემოკრატ კანდიდატთაგან, რომლებიც სენატში კენჭს იმ შტატებში იყრიან, სადაც რესპუბლიკელები მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ და პრეზიდენტი ბარაკ ობამა არაპოპულარულია.

„კენტუკის 2014 წლის არჩევნებში, პრეზიდენტი ობამა არ მონაწილეობს. ეს არჩევნები ვერ მოახდენს გავლენას იმაზე, თუ თეთრ სახლში ვინ იქნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, თუ ვინ იქნება ვაშინგტონში და ბოლოსდაბოლოს მოვიყვანოთ ვინმე, ვინც კენტუკისთვის იმუშავებს!“

მოელიან, რომ ნოემბერში რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში საკუთარ უმრავლესობას შეინარჩუნებენ ან გაზრდიან. მთავარი ბრძოლა სენატისთვის გაიმართება, რომელსაც ამჟამად დემოკრატები აკონტროლებენ. ექვსი ადგილის მიღება, რესპუბლიკელებს სენატის უმრავლესობად აქცევს და კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებინებს. საქმის ასეთი განვითარება, პრეზიდენტ ობამას საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორი წლის განმავლობაში, რესპუბლიკელებს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივების დაბლოკვის საშუალებას მისცემს.

დემოკრატები, რომლებიც სენატში უმრავლესობის შენარჩუნებას ცდილობენ, რამდენიმე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან. ანალიტიკოსი ჩარლი კუკი ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ ობამას პოპულარულობა კიდევ უფრო დაბლა დაეშვა და რესპუბლიკელები თავის საარჩევნო კამპანიას, ძირითადად პრეზიდენტის ჯანდაცვის კანონის თემაზე აგებენ, რომელმაც საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია.

„არ არის სახარბიელო გქონდეს არჩევნები მაშინ, როცა შენი პრეზიდენტის მოწონების დონე 40 ერთეულის ქვედა დონეზეა, მისი მთავარი საკანონმდებლო მიღწევა არაპოპულარულია და ეკონომიკა ასეთი მოდუნებულია.“

წინასწარი არჩევნების უკანასკნელი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი წრეების რესპუბლიკელები, „ჩაის სმის მოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ მეტოქე კანდიდატებს კვლავ უგებენ. 2010 წელს, „ჩაის სმის მოძრაობის“ აქტივისტები რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის დაბრუნებაში დაეხმარნენ, მაგრამ სენატისთვის რამდენიმე საკამათო რესპუბლიკელის კანდიდატურის წამოყენებაშიც მიიღეს მონაწილეობა. ის კანდიდატები, 2010 და 2012 წლის საყოველთაო არჩევნებზე ზედმეტად ექსტრემალურად გამოიყურებოდნენ და მათი დამარცხებით, რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს.

როგორც ჩანს, ტრადიციულ რესპუბლიკელებსა „ჩაის სმის მოძრაობას“ შორის ბრძოლა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდება, ამბობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკის მკვლევარი ჯონ საიდსი.

„დაყოფა რესპუბლიკურ პარტიაში, შედარებით ზომიერებსა და შედარებით კონსერვატორებს შორის გრძელდება და აშკარაა, რომ 2016 წელსაც, ხელისუფლებისთვის ორივე ფრაქცია იბრძოლებს.“

ნოემბერში, კონგრესის 435-ივე ადგილის, 36 შტატის გუბერნატორის პოსტის და სენატის 100 ადგილიდან 36 ადგილის ბედი გადაწყდება.
XS
SM
MD
LG