დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელებს ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებელ გეგმას გააცნობს. თეთრი სახლის განცხადებით, დეფიციტის შემცირების გარეშე რთული იქნება ამერიკის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა და განვითარების შენარჩუნება.
ამერიკის ვალი ამ ეტაპზე დაახლოებით 14 ტრილიონი დოლარია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ობამა ამერიკელებს დეფიციტის შემცირებას დაპირდა, მაგრამ ამისთვის საჭირო სტრატეგია ჯერ არ გამოუცხადებია.
ადმინისტრაციის განცხადებით, ობამა ხანდაზმულების, პენსიაში გასული და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის დაწესებული ძვირადღირებული დახმარების პროგრამების შემცირებაზე ისაუბრებს. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ მან მიმდინარე საგადასახადო შეღავათები გააუქმოს და მოსახლეობის გარკვეულ ფენას საგადასახადო განაკვეთი გაუზარდოს.
კონგრესის რესპუბლიკელი ლიდერი ჯონ ბეინერის თქმით, გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადება მიუღებელი იქნება და საბიუჯეტო მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის.