ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის მთავრობა დახურვას დროებით გადაურჩა


აშშ-ის მთავრობა დახურვას დროებით გადაურჩა
აშშ-ის მთავრობა დახურვას დროებით გადაურჩა

რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლების უთანხმოებამ ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების შესახებ ამერიკის მთავრობა დროებითი დახურვის საშიშროების წინაშე დააყენა. თუმცა, პარტიულმა ინტერესებმა ამ პარასკევს მოსალოდნელი დახურვის გამო უკანა პლანზე გადაიწია და წარმომადგენელთა პალატამ პრობლემის გადაჭრისთვის კანონმდებლებს კიდევ ორი კვირა მისცა.

დროებითი ზომა, რომელიც ფედერალურ მთავრობას შემდეგი 14 დღე დააფინანსებს, ხმის დიდი უმრავლესობით: 335 91-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ხმის მიცემას წინ უძღოდა წარმომადგენელთა პალატის ლიდერთა მოლაპარაკება ბიუჯეტის 4 მილიარდი დოლარით შეკვეცის შესახებ. შემცირება ძირითადად პრეზიდენტ ობამას მიერ შეჩეული რამდენიმე პროექტის და სპეციალური მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებას შეეხო.

საბიუჯეტო კანონპროექტი ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს. სენატის უმრავლესობის ლიდერის, ნევადელი ჰარი რიდის თქმით, სენატი მას ამ პარასკევამდე გაიტანს დასამტკიცებლად. უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი, მიჩ მაკკონელი კენტუკიდან აცხადებს, რომ ახლა დემოკრატების ჯერია აჩვენონ ამერიკელ ხალხს, თუ როგორ შეუძლია მთავრობას უკონტროლო და უთავბოლო ხარჯების შემცირება.

„ამ კანონპროექტს წესით მსგავსი წინააღმდეგობები არ უნდა გამოეწვია. მისი შეფერხება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ დემოკრატები არ გვთანხმდებოდნენ ბიუჯეტის 4 მილიარდით შემცირებაზე. მათ არ სურდათ ეღიარებინათ, რომ ვაშინგტონს თანხების განკარგვის სერიოზული პრობლემა აქვს“.

სინამდვილეში, უთანხმოება ძირითადად იმ პროგრამების შერჩევის გამო მოხდა, რომელთა ბიუჯეტი უნდა შემცირდეს, ან სრულებით გაუქმდეს. დემოკრატი - ჯიმ მაკგოვერნი - მასაჩუსეტიდან მკაცრად აკრიტიკებს გადაწყვეტილებას ზოგიერთი პროექტის გაუქმების შესახებ, განსაკუთრებით კი გლობალური შიმშილის წინააღმდეგ მიმართული პროგრამების დახურვას:

„თუკი ეს შემცირებები დამტკიცდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ორ მილიონზე მეტ ბავშვს პრაქტიკულად შიმშილით დაღუპვისთვის ვწირავთ. ჩვენ მინიმალურ საარსებო სურსათს 18 მილიონზე მეტ ადამიანს ვუგზავნით ეთიოპიაში, ჰაიტში, ავღანეთში, გვატემალაში, კენიაში თუ სხვაგან“.

დემოკრატთა ლიდერი წარმომადგენლობით პალატაში, ნენსი პელოსი კალიფორნიიდან, აცხადებს, რომ ის ხმას აძლევს ორკვირიან შემცირებას, თუმცა არ მოსწონს რესპუბლიკელების მიერ შემოთავაზებული წლიური ბიუჯეტის შეკვეცის კანონპროექტი. „მოდით დღეს ამაზე შევთანხმდეთ, ხვალ კი საბიუჯეტო კანონპროექტს მივხედოთ, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ის არ არის საბოლოოდ სრულყოფილი და ჩვენგან შემდგომ დახვეწას მოითხოვს“ - აღნიშნა მან.

მონტანელი რესპუბლიკელი - დენი რეჰბერგი - სკეპტიკურადაა განწყობილი და გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ მისი დემოკრატი კოლეგები და ზოგადად სენატი ხმას არ მისცემენ რესპუბლიკელების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით მხოლოდ 14 დღით პრობლემის გაყინვა არ არის საკმარისი ორ პარტიას შორის არსებული კრიტიკული უთანხმოებების დასაძლევად და 30 სექტემბრამდე დარჩენილი ფისკალური წლის ბიუჯეტზე შეთანხმების მისაღწევად.

თუმცა, კანონმდებლების უმრავლესობას ორივე პარტიიდან მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ 1995 წლის პრეცენდენტი აღარ განმეორდეს. შეგახსენებთ, მაშინ საბიუჯეტო კრიზისის გამო დემოკრატ - ბილ კლინტონის - პრეზიდენტობის და რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატის მმართველობის პერიოდში შეერთებულ შტატებში ერთხელ უკვე მოხდა მთავრობის დროებითი დახურვა.

XS
SM
MD
LG