ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოხარ ცარნაევი გონზეა და ჩვენებებს იძლევა


სიახლეები ბოსტონის ტერაქტის გამოძიებაში: ეჭვმიტანილს მეტყველების უნარი ჯერჯერობით არ დაბრუნებია, მაგრამ კითხვებზე პასუხობს

მასაჩუსეტის შტატის სამართალდამცავები იუწყებიან, რომ ბოსტონის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი, წარმოშობით ჩეჩენი, ჯოხარ ცარნაევი გონზე მოვიდა და ჩვენების მიცემა დაიწყო. ბოსტონის პოლიციის კომისარმა ედ დევისმა განაცხადა, რომ 19 წლის დაჭრილი პაციენტის ჯანმრთელობის „მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ სტაბილური“.

დაკითხვას გამოძიების ფედერალური ბიუროს საგანგებო ჯგუფი ხელმძღვანელობს. ტელეკომპანია „ეი-ბი-სის“ ცნობით, ცარნაევს მეტყველების უნარი ჯერჯერობით არ დაბრუნებია, მაგრამ ის სამართალდამცავთა კითხვებზე წერილობით პასუხობს. ბოსტონის მერის, ტომას მერინოს ცნობით, ცარნაევის ერთ-ერთი ჭრილობა, რომელიც მას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული, მას ლაპარაკში უშლის ხელს. ჭრილობა შესაძლოა თვითმკვლელობის მცდელობაზე მიუთითებდეს. გამომძიებას ამ ეტაპზე მეტი ინფორმაციის გავრცელების უფლება არ აქვს, თუმცა ოფიციალური პირები იმასაც აღნიშნავენ, რომ ცარნაევის მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე მათ „არსებითი“ მნიშვნელობის ინფორმაცია მოიპოვეს.

ბოსტონის პოლიციის კომისრის, ედ დევისის თქმით, ეჭვმიტანილთა საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის დროს ნაპოვნი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები მიუთითებს იმაზე, რომ ძმები ცარნაევების სამიზნე შესაძლოა მხოლოდ ბოსტონის მარათონი არ ყოფილიყო.

„იმ ნივთმტკიცებებზე დაყრდნობით, რომელიც ადგილზე აღმოვაჩინეთ, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი სხვა იერიშებსაც გეგმავდნენ“ - განაცხადა ტელეკომპანია „სი-ბი-ესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბოსტონის პოლიციის კომისარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქმეში ძალიან ბევრი კითხვაა, რომელიც პასუხის გაცემას საჭიროებს. ჩეჩენ ისლამისტთა წამყვანი დაჯგუფების ვებგვერდი ბოსტონის ტერაქტთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს. თუმცა გამოძიებას ყველაზე მეტად ტამერლან ცარნაევის 2012 წელს რუსეთში 6-თვიანი მოგზაურობა აინტერესებს. როგორც ცნობილია, ჯოხარ ცარნაევის უფროსმა ძმამ მაშინ ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, დაღესტანში და ჩეჩნეთში 6 თვე დაჰყო. ერთი წლით ადრე ტამერლანი შეერთებულ შტატებში რუსეთის მთავრობის თხოვნით დაიკითხა კიდეც.

ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებელი მოითხოვდა, რომ დაჭრილი ჯოხარ ცარნაევი დაიკითხულიყო, როგორც მტრის ბანაკის ჯარისკაცი. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ როჯერსი მათ კატეგორიულად არ დაეთანხმა.

„ის შეერთებული შტატების მოქალაქეა და მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი მას ამერიკის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით დაცვის გარანტიას ანიჭებს“ - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ. მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამერიკის მოქალაქეთა უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„მიმაჩნია, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯერ უნდა დაადგინოს, თუ დღეისთვის რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა დამატებითი ასაფეთქებელი მოწყობილობები და არიან თუ არა ჯგუფში სხვა ადამიანებიც“ - აცხადებს მაიკ როჯერსი.

მასაჩუსეტის გუბერნატორის, დევალ პატრიკის თქმით, ტერორიზებული შტატი ძველ ცხოვრებას უბრუნდება. ბოსტონში დროებით დახურული სკოლები, უნივერსიტეტები და ბიზნესები გაიხსნა. თანდათანობით აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც.
XS
SM
MD
LG