ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლევა: 2023 წელს, აშშ-ში ანტისემიტური ინციდენტების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა


სამშაბათს გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ანტიებრაული განწყობები გაიზარდა, თავდასხმის, ვანდალიზმისა და შევიწროების ინციდენტების რაოდენობამ კი, 2023 წელს რეკორდს მიაღწია. ებრაელთა უფლებამდამცველი ჯგუფის, „წილისწამების საწინააღმდეგო ლიგის“ (ADL) მონაცემებით, გასულ წელს, 8873 ანტისემიტური ინციდენტი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, 140%-იანი მატებაა. ADL-ის განცხადებით, ეს ინციდენტების რეკორდული მაჩვენებელია 1979 წლდან, მას შემდეგ, რაც ლიგამ საქმიანობა დაიწყო.

ADL-ის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის 7 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც“ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა, საპასუხოდ კი ისრალემა მას ომი გამოუცხადა, 5200-ზე მეტი ანტისემიტური ინციდენტი დაფიქსირდა.

„ებრაელ ამერიკელებს დევნიან სკოლებში, სამსახურებში, ქუჩაში, ებრაულ დაწესებულებებში და სახლებშიც კი. ეს კრიზისი მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას, საზოგადოების ყველა სეგმენტში“ - თქვა ADL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონათან გრინბლატმა.

„ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭოს“ (CAIR) მიერ, მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, გასულ წელს, მუსლიმებისა და პალესტინელების მიმართ დისკრიმინაციამ და თავდასხმებმა, ასევე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. CAIR-ის მონაცემებით, გასულ წელს, საჩივრების რაოდენობამ 8061-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით, ასეთ შემთხვევებს 56%-ით ზრდის. ორგანიზაციის განცხადებით, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ასეთი 3600 ინციდენტი აღირიცხა. CAIR-ის განცხადებით, ეს მაჩვენებელი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ორგანიზაციამ საქმიანობა დაიწყო, რეკორდულად მაღალია.

XS
SM
MD
LG