მაშინ, როდესაც გაერო მორიგი გენერალური ასამბლეისთვის და მსოფლიოს ქვეყნების ლიდერების მიღებისთვის ემზადება, თავად სახელმწიფო მეთაურთა დიდი უმრავლესობა უმთავრესად ეკონომიკიკური კრიზისის დაძლევის მეთოდებზე ფიქრობს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო საკითხად, რომელიც ასევე მათი ყურადღების ცენტრშია, სირიაში და აფრიკაში მიმდინარე კონფლიქტების დარეგულირების გზები რჩება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ გენერალურ ასამბლეაზე სირიის კრიზისის დომინირებას ელის. მისი თქმით, ქვეყანაში 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მილიონი სირიელი სასწრაფო ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
„ორმხრივი შეხვედრები სულ ცოტა 120 ლიდერთან მაქვს დაგეგმილი. პრიორიტეტული ისევ და ისევ სირიის საკითხი იქნება. მჯერა რომ მსოფლიოს ლიდერებისთვისაც ის სიის თავშია მოქცეული. საკითხი გადაუდებელ განხილვას მოითხოვს,“ - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.
ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭო არაბულ ლიგასთან უმაღლესი დონის შეხვედრას აწყობს. ის კარს გაუღებს სირიის საკითხებზე დაგეგმილ რამდენიმე განხილვას. შეხვედრას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი გაუძღვება. ის თავმჯდომარეობას სირიის ჰუმანიტარული კრიზისისადმი მიძღვნილ სხდომასაც გაუწევს.
ანალიტიკოსი ჯეფრი ლორენტი ნიუ იორკის კვლევითი ცენტრიდან - „სენჩერი ფაუნდეიშნ“ (The Century Foundation) ამბობს, რომ უმაღლესი დონის ყურადღების მიუხედავად, სირიის საკითხებზე დაგეგმილი შეხვედრებიდან რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ან შედეგს არ ელის.
„უამრავი გამოსვლა იქნება, რომელშიც სირიის სახელს ბევრჯერ გაიმეორებენ, მაგრამ ძალიან ცოტა იქნება შედეგი და საქმე, რაც მოვლენებზე უშუალო ზემოქმედებას მოახდენს. ამინდივითაა, მასზე ბევრი ლაპარაკია, თითქმის ყველა მონაწილეობს, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ცვლის,“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
გაეროს გენერალური ასამბლეა ირანის ბირთვული ამბიციების შესახებაც იმსჯელებს. ამ თემას სპეციალური შეხვედრა ეთმობა, რომელშიც მონაწილეობას უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები და გერმანია მიიღებს. როგორც ცნობილია, განხილვის საკითხებს შორის, სავარაუდოდ, იქნება ირანის ატომური პროგრამების დაწინაურება, ოფიციალური თეირანის მიერ თანამშრომლობაზე უარის თქმა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაუცემლობა. ირანი კვლავ აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამები მხოლოდ სამშვიდობო ხასიათს ატარებს.
ერთ-ერთი მთავარი მოხსენებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოდის. პოლიტოლოგების აზრით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პრეზიდენტის სიტყვა უფრო ამერიკული და არა საერთაშორისო აუდიტორიისადმი იქნება მიმართული.
„მთავარი საკითხები, რომელზეც ის ისაუბრებს იქნება სირია, ირანი, ისრაელი და მისი მხარდაჭერა. ანუ, ყველაფერი ის, რაც ამერიკელთა საგარეო ინტერესების ეპიცენტრშია,“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი ჯეფრი ლორენტი.
ბევრს აინტერესებს ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის, მუჰამედ მორსის პირველი გამოსვლა უმაღლესი დონის საერთაშორისო თავყრილობაზე. პოლიტიკოსების და მიმომხილველების ყურადღების ცენტრში, ასევე, იქნება ბირმის დემოკრატიული ტრანსფორმაცია და მისი პრეზიდენტი.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც გეგმავს. მისი მოხსენება სამშაბათის სესიაზეა დაგეგმილი. ნიუ იორკში გამართულ ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძეც მიიღებს.