ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო ბელარუსზე საგანგებო სხდომას მართავს


მიშელ ბაშელეტი - გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი
მიშელ ბაშელეტი - გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომამ გახსნისთანავე დაამტკიცა ევროპის კავშირის შეთავაზება. ის ბელარუსში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ სიტუაციაზე სასწრაფო სხდომის მოწვევას ითვალისწინებს. განხილვას ხმა დაუჭირა უშიშროების საბჭოს 25-მა წევრმა, 2 წინააღმდეგი იყო და 20-მა თავი შეიკავა.

ევროკავშირი ხაზს უსვამს ბელარუსში ადამიანის უფლებების სწრაფ და მკვეთრ გაუარესებას 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიციის ბრალდების მიხედვით, პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნები გააყალბა და საკუთარი თავი კვლავ პრეზიდენტად გამოაცხადა.

გამხსნელ სიტყვაში, მიშელ ბაშელეტმა, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა ეს მოსაზრება გაამყარა. ბაშელეტის თქმით, მისი ოფისი საგანგაშო ცნობებს იღებს სამართალდამცველების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივი რეპრესიების გზით დაშლის და ათასობით ადამიანის დაკავების შესახებ.

ბაშელეტი ამბობს, რომ წამების და გაუპატიურების ფაქტები ფიქსირდება ბავშვების წინააღმდეგაც კი. ამას გარდა, ხდება "ამოუცნობი პირების მიერ ოპოზიციასთან ასოცირებული ინდივიდების გატაცება", რასაც მთავრობის მხრიდან მინიმალური რეაგირება ახლავს თან - აღნიშნავს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი.

ამაზე პასუხად, ბელარუსის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში იური ამბრაზევიჩმა თქვა, რომ ევროპის კავშირის შეთავაზება "ფართო პოლიტიკური კამპანიის ნაწილია", რომელიც "მიზნად ისახავს ბელარუსის არჩევნებში წაგებული პოლიტიკური მხარის დახმარებას". გაეროს ჟენევის ოფისში ის თარჯიმნის დახმარებით საუბრობდა.

გაეროს უშიშროების საბჭო მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევების საქმეს სამკვირიან სესიას უძღვნის. ბელარუსის გარდა, სხდომებზე განიხილება უკრაინაში, ვენესუელაში, სირიაში, იემენში, კონგოში, სუდანში და სხვა ქვეყნებში შექმნილი ვითარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG