სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო დესპანმა გირ პედერსონმა სამშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გაძევების შემდეგ სირიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა, პოლიტიკური გარდამავალი პერიოდის ორგანიზება და მისი რეალობაში გატარებაა.
ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას პედერსონმა თქვა, რომ სირიას „დამასკოში სანდო და გარდამავალი პერიოდის შეთანხმებები“ სჭირდება, რაც სირიის საზოგადოების ყველაზე ფართო სპექტრს წარმოადგენს.
პედერსონმა თქვა, რომ ასეთ პროცესს შეეძლება გზა გაუხსნას საერთაშორისო სანქციების მოხსნას და ლტოლვილების დაბრუნებას, ხოლო ამის ჩაშლა შეიძლება „სირიაში ახალი კონფლიქტის რისკს“ ნიშნავდეს.
სირიელი ამბოხებულების მეთაურმა აჰმად ალ-შარაამ, რომელიც აბუ მოჰამად ალ-გოლანის სახელით არის ცნობილი, სამშაბათს პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს გაძევებულ პრეზიდენტ ასადის მთავრობის იმ მაღალჩინოსნების სახელებს, რომლებიც „სირიელი ხალხის წამებაში მონაწილეობდნენ“.
„ჯილდოს შევთავაზებთ მათ, ვინც ომის დანაშაულებში ჩართულ არმიის და უშიშროების მაღალი რანგის ოფიცრების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის“, თქვა გოლანიმ თავის განცხადებაში.
გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმებიან ასადის რეჟიმის დასასრულს და რომ ისინი „მზად არიან ერთად იმუშაონ ახალ მმართველებთან, რაც დაფუძნებული იქნება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვაზე.“
შოლცი და მაკრონი ხაზს უსვამენ იმის მნიშვნელობას, რომ სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნდეს, ნათქვამია განცხადებაში.
გაერომ შეშფოთება გამოთქვა გოლანის მაღლობების დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონაში ისრაელის ჯარის განლაგების შესახებ, რაზეც ისრაელი აცხადებს, რომ ეს მისი უსაფრთხოების დაცვისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.
გაეროს დესპანმა, პედერსონმა სამშაბათს განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია კვლავ აკვირდება ისრაელის მოქმედებებს და სირიის ტერიტორიის დაბომბვებს. „ეს უნდა შეწყდეს“, განაცხადა პედერსონმა.
სირიელმა ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ „ხელისუფლების გადაცემის კოორდინაციისთვის“, ორშაბათს გოლანი პრემიერ მინისტრ მოჰამედ ღაზი ჯალალის პირველად შეხვდა.
პრემიერმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ კაბინეტის მინისტრების უმეტესობა ჯერ კიდევ დამასკოს ოფისებში მუშაობს.