შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატები ამ ეტაპზე აქტიურად ემზადებიან ნიუ-ჰემპშირის შტატში დაგეგმილი პრამერებისთვის. 3 თებერვალს, დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის მებრძოლი ჰილარი კლინტონი და ბერნი სანდერსი შტატის რიგით მოქალაქეებს შეხვდნენ და მათ კითხვებს უპასუხეს. შეხვედრა ტელევიზიით გადაიცა.
მეზობელი შტატის, ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელიც თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს, ჰილარი კლინტონის ლიბერალურობა და პროგრესულობა კითხვის ნიშნის ქვეშ რამდენიმე მიმართულებით დააყენა. მათ შორის: ყოფილი სახელმწიფო მდივნის უოლ-სტრიტის რეგულირებასთან მიმართებაში, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე ნიუ-იორკის სენატორობის პერიოდში, ერაყში 2003 წლის ომის დაწყების მხარდაჭერის გამო.
კლინტონმა პასუხად განაცხადა, რომ მისი ოპონენტი საკუთარ თავს “პროგრესულობის ჭიშკართან” აყენებს და რომ ბერნი სანდერსის სტანდარტებით, ამ კატეგორიაში ვერც პრეზიდენტი ობამა, ან ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოხვდებიან. ჰილარი კლინტონმა ვრცლად ისაუბრა საკუთარი პოლიტიკური წარსულის ისეთ მიღწევებზე, როგორიცაა ჯანდაცვის საკითხები.
ნიუ-ჰემფშირის პრაიმერი 9 თებერვალს გაიმართება. მანამდე კი შაბათს, 6 თებერვალს, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთა კიდევ ერთი სატელევიზიო დებატები იგეგმება.