უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ის კვირას, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით, პენსილვანიაში იარაღისა და ამუნიციის საწარმოს ესტუმრა და იქ დასაქმებულებს მადლობა გადაუხადა ამუნიციის წარმოებისთვის, რომელიც მის ქვეყანას რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ყველაზე მეტად სჭირდება.
დემოკრატი კონგრესმენი მეთ ქართრაიტი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც სკრანტონის ამუნიციის საწარმოში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.
სკრანტონის ქარხანა იმ რამდენიმე საწარმოს შორისაა, სადაც 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს ამზადებენ. უკრაინამ, ამერიკისგან, უკვე 3 მილიონზე მეტი ასეთი ჭურვი მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საწარმოს ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
"ასეთ ადგილებში ნამდვილად გრძნობ იმას, რომ დემოკრატიულ სამყაროს შეუძლია გამარჯვება - უკრაინაში, ამერიკაში და ყველა პარტნიორ ქვეყანაში, ასეთი ადამიანების წყალობით, ვინც დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ სიცოცხლე დაცული იყოს", - დაწერა სოციალურ პლატფორმა "X"-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილებას და სიტყვითაც გამოვა. ხუთშაბათს კი, ვაშინგტონში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდება.
155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, რომლებსაც სკრანტონის ქარხანაში ამზადებენ, იყენებენ "ჰაუბიცების" სისტემებში. "ჰაუბიცებს" 24-32 კმ-ის რადიუსი აქვთ და მათ უკრაინაში სახმელეთო ძალები აქტიურად იყენებს, უსაფრთხო დისტანციიდან მტერზე იერიშის მისატანად. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის მთავრობა, ამერიკის და პარტნიორებისგან, დასავლური შორი რადიუსის იარაღით რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანის უფლებას ითხოვს. თუმცა, ამ დრომდე, ამ იარაღის მსგავსი მიზნით გამოყენება შეზღუდულია. კიევის ძალებს ასეთი იარაღით აქამდე მხოლოდ ხარკივის ირგვლივ საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლება მიეცა. კრემლი დასავლეთს ომის ესკალაციით ემუქრება და ამბობს, რომ თუ ვაშინგტონი და ევროპული ქვეყნები უკრაინას ამის უფლებას მისცემენ, ამით ნატოს სახელმწიფოები რუსეთთან ომში პირდაპირ აღმოჩნდებიან ჩართულნი.