უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებში ახალი, ცალკე მიმართულების შექმნის განკარგულება გასცა. ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების საფუძველზე, ჩამოყალიბდება ახალი ძალები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვას დრონებით გააძლიერებს.
უპილოტო საფრენი აპარატები კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უკრაინისთვის თითქმის ორი წლის წინ დაწყებულ, რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმასთან გასამკლავებლად.
ზელენსკის მიერ ხელმოწერილი განკარგულება მოუწოდებს უკრაინის მთავრობას და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, „შეიმუშაონ საკითხები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დრონების სისტემებისთვის ცალკე ძალების შექმნის შესახებ“.
ტრადიციულ, ღამის ვიდეო-მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: „მე ახლახან მოვაწერე ხელი განკარგულებას, რომელიც დაიწყებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ცალკე დანაყოფის - დრონების სისტემების ძალების - შექმნას".
ზელენსკის თქმით, "ეს არ არის მომავლის საკითხი", არამედ ამან უნდა უზრუნველყოს კონკრეტული შედეგები უახლოეს მომავალში.
"ეს წელი უნდა იყოს გადამწყვეტი ბევრი მიმართულებით, და რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე. დრონების სისტემებმა აჩვენეს თავიანთი ეფექტიანობა ხმელეთზე, ცასა და ზღვებში“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
Facebook Forum