უკრაინელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მათ შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების დავალებით პოლიტიკური მკლელობების და სხვა ტერიტორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ. მათ შორის, უკრაინელი დაზვერვის ოფიცრების განადგურებას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილ ჰრიცაკის განცხადება წინ უსწრებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.
პრესკონფერენციაზე, ჰრიცაკმა განაცხადა, რომ თავიდან იქნა არიდებული “საბოტაჟი და რუსული სპეციალური სამსახურების ტერორისტული ჯგუფის სადაზვერვო სამუშაოები”. მისი განცხადებით, ჯგუფის შვიდივე წევრი დაკავებულია.
ერთ-ერთი პირი, რომელიც ჯგუფს ეხმარებოდა, 17 აპრილს დააკავეს. თუმცა, გაურკვეველია, ის ამ შვიდეულში შედის თუ არა.
ჰრიცაკმა განაცხადა, რომ 2017 წლის შემდგომ, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა უკრაინაში რამდენიმე “ავტონომიურად მოქმედი” ჯგუფები გაგზავნეს, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინაშიც, სადაც კიევი მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების წინააღმდეგ იბრძვის.
მან აღნიშნა, რომ ეს ჯგუფები პასუხისმგებელი არიან სხვადასხვა თავდასხმებში, მათ შორის მანქანის აფეთქებაში, რომლის შედეგადაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი მაკსიმ შაპოვალი იქნა მოკლული. მეორე შემთხვევაში, აპრილის დასაწყისში, დაჯგუფებამ ვერ მოახერხა სამიზნის განადგურება. პროკურორმა მაშინ განაცხადა, რომ პირი, რომელიც ბომბის დამონტაჟებაში იყო ეჭვმიტანილი, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. თუმცა ჰრიცაკმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, რუსი მამაკაცი, ცოცხალია და უკრაინელ სამართალდამცავებს ინფორმაციას აწვდის.
ჰრიცაკის ბრალდებით, ოპერაციის ”რეალური ორგანიზატორი”, რომელსაც შაპოვალი შეეწირა, რუსეთის “სუკის” ოფიცერი დმიტრი მინაიევია.
უკრაინის მხარის განცხადებით, ერთ-ერთი, დაკავებულთაგან, ტიმურ დზორტოვია, რომელიც 2015-2017 წლებში რუსეთის ინგუშეთის რეგიონის ლიდერის აპარატის უფროსის მოადგილე იყო.
რუსეთის მხარეს ამ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
Facebook Forum