ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი კვლავ უკრაინულ ენერგეტიკულ ობიექტებს უტევს


უკრაინის სუმის რეგიონის ხელისუფლების ცნობით, ოთხშაბათს რუსული თავდასხმების სამიზნე სუმიში მდებარე ენერგო ობიექტები გახდა. ქალაქ კროპივნიცკიში კი ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ ღამის განმავლობაში გაშვებული 52 დრონიდან 46 ჩამოაგდო. რუსეთმა ასევე სამი ფრთოსანი რაკეტაც გამოიყენა, რომელმაც სამიზნეს ვერ მიაღწია.

კიროვოჰრადის რეგიონის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კროპივნიცკიში ერთი ადამიანი დაიღუპა, 90 წლის ქალი დაიჭრა და რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების ამოქმედების შემდეგ, კიევის გარშემო რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება არ გამოვლენილა.

სუმის რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვამ რეგიონის თავზე, სადაც ენერგო ინფრასტრუქტურას არაერთხელ დაარტყეს, 16 დრონი გაანადგურა და ადგილობრივი მთავრობა იძულებული გახდა, სათადარიგო ენერგო სისტემები გამოეყენებინა.

ოლექსი კულებამ, ვიცე-პრემიერმა, რომელიც რეკონსტრუქციას, რეგიონებსა და ინფრასტრუქტურას ხელმძღვანელობს, სამშაბათს თქვა, რომ სუმის რეგიონის მხარდასაჭერად საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა. ეს ორგანო კოორდინაციას გაუწევს ენერგო ობიექტების დაცვას და რეგიონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ზამთრის სეზონისთვის მოამზადებს.

რუსეთი უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აგრძელებს, კიევი ამბობს, რომ ეს არის მცდელობა, რათა ზამთრის დადგომამდე უკრაინის ენერგო სისტემა მოშალოს.

უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინულმა დრონმა რუსეთის ტვერის რეგიონში რაკეტების, მართული ბომბების და საარტილერიო ჭურვების საწყობი გაანადგურა.

XS
SM
MD
LG