უკრაინული მხარე ამბობს, რომ იძიებენ რუსეთის მხრიდან მათ ტერიტორიაზე, მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქ მარიუპოლში ფოსფორიანი საბრძოლო მასალები გამოიყენეს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს. განცხადება ამავე თემაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემაც, ანა მალიარმაც დღეს, 12 აპრილს, ეროვნული ტელემარათონის დროს გააკეთა.
მალიარის თანახმად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს ცნობებს მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ და ამ ეტაპზე ვარაუდობს, რომ ეს იყო ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალები.
11 აპრილს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქში ფოსფორიანი საბრძოლო მასალების გამოყენება ზრდის იმის ალბათობას, რომ ამას გააკეთებდნენ მარიუპოლშიც.
ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალ"-თან ქიმიური იარაღი გამოიყენეს, 11 აპრილს, ღამით გაავრცელეს "აზოვის" ლეგიონის წარმომადგენლებმა. ქალაქის ამ ტერიტორიას "აზოვი" იცავს.
ინფორმაციას უარყოფს რუსეთის მიერ კონტროლირებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "სახალხო მილიციის" წარმომადგენელი, ედუარდ ბასურინი.
რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა კი განაცხადა, რომ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ დეტალების შესამოწმებლად.
რუსეთის საოკუპაციო ძალებს თვეზე მეტია ალყაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.