უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის თქმით, ათობით ქვეყანა მზადაა, დაეხმაროს უკრაინას ქვეყნის თავიდან მშენებლობაში. უკრაინის მთავრობა, ისევე როგორც დონორები თანხმდებიან, რომ ქვეყნის აღდგენა გრძელვადიანი და ძვირდაღირებული პროცესი იქნება.
2-დღიანი კონფერენციის შემდეგ, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში ჩატარდა, 40-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ლუგანოს დეკლარაციას. დეკლარაციაზე ხელმომწერები პირობას დებენ, რომ უკრაინის აღმშენებლობაში მონაწილეობას მიიღებენ.
ხელმომწერებს შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი და იაპონია. ყველა მათგანი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოითხოვს მოსკოვისგან, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიიდან.
შვეიცარიის პრეზიდენტმა, იგნასიო კასიასმა, რომელიც უკრაინასთან ერთად, ამ კონფერენციის თანამასპინძელი იყო, თქვა, რომ ეს დეკლარაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, უკრაინის აღდგენის სამომავლო საქმეში.
"ომი ჯერ ისევ მძვინვარებს, მაგრამ ჩვენი მუშაობა გვამზადებს ომის შემდგომი დროისთვის",- განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ "უნდა მისცეს უკრაინელ ხალხს იმედი და იმის განცდა, რომ ისინი მარტო არ არიან".
დეკლარაციაზე ხელმომწერები მზად არიან გაუწიონ უკრაინას პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური დახმარება ქვეყნის აღმშენებლობაში. ოფიციალური კიევის თქმით, უკრაინის აღდგენას, დაახლოებით 750 მილიარდი ამერიკული დოლარი დასჭირდება.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ამბობს, რომ 5 ივლისის დეკლარაცია, ნამდვილად არის გრძელვადიანი პროცესის დასაწყისი.
"ყველაფერი, რაც დაინგრა იმაზე უკეთ უნდა გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე იყო",- თქვა შმიჰალმა.