ნატოს 30-მა მოკავშირემ სამშაბათს ხელი მოაწერა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს შეუერთდნენ ალიანსს მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოების პარლამენტები გადაწყვეტილების რატიფიცირებას მოახდენენ. ეს ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოებაა 1990-იანი წლების შემდეგ.
ნატოს შტაბ-ბინაში ხელმოწერის ამ ცერემონიას წინ უსწრებდა თურქეთის მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში სკანდინავიის ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე ვეტო. ანკარა მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა შვედეთის და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას, რაც ორივე ქვეყანამ პირობა დადო, რომ მეტს გააკეთებდა ტერორიზმთან ბრძოლაში.
„ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას. „მაგიდის გარშემო 32 ერთად კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით“.
ახლა ეგრეთწოდებული გაწევრიანების პროტოკოლი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰელსინკის და სტოკჰოლმს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ნატოს შეხვედრებში და ჰქონდეთ მეტი წვდომა სადაზვერვო ინფორმაციაზე. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში ისინი არ იქნებიან დაცული ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლით, რომელიც კოლექტიური თავდაცვის გარანტიაა. ამ მუხლით ალიანსი ამბობს, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ნატო კონსენსუსზე დაფუძნებული ალიანსია, ახალი წევრების მიღება ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამ პროცესს შესაძლოა ერთ წლამდე დრო დასჭირდეს.
1997 წელს მადრიდში გამართულ წინა სამიტზე ალიანსში უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი მიიწვიეს. ეს ნატოს აღმოსავლეთის გაფართოების პირველი ტალღა იყო. მაშინ ამ ნაბიჯს რუსეთის შეშფოთება მოჰყვა.
ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთმა რამდენჯერმე გააკეთა უკმაყოფილო განცხადება. 12 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ამ ნაბიჯს „მოჰყვება სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები“.
სტოლტენბერგმა მოკავშირეებს მოუწოდა სწრაფად მოახდინონ ხელშეკრულების რატიფიცირება.
"გმადლობთ მხარდაჭერისთვის! ახლა იწყება თითოეული მოკავშირის მიერ რატიფიცირების პროცესი", -დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ „ტვიტერზე“.
თუმცა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გასულ ხუთშაბათს ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ ფინეთმა და შვედეთმა ჯერ უნდა შეასრულონ თურქეთისთვის მიცემული დაპირებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება რატიფიცირებისთვის თურქეთის პარლამენტს არ გაეგზავნება.
ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, ფინეთმა და შვედეთმა პირობა დადეს, რომ არ დაუჭერენ მხარს ქურთისტანის მუშათა პარტიის და სასულიერო პირი ფეტულა გულენის ქსელს, რომლებსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.