ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსმა ამერიკის საელჩოს დახმარების პროგრამების შეჩერება მოსთხოვა


ამერიკის საელჩო ბელარუსში აცხადებს, რომ 29 ოქტომბერს ქვეყნის ხელისფლებისგან ჰუმანიტარული პროგრამების დახურვის მოთხოვნა მიიღო. ამ პროგრამებით დახმარებას კი ათასობით ის ადამიანი იღებს, ვისაც ავტორიტარული რეჟიმის პირობებში უწევს ცხოვრება.

ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა და პროდემოკრატიულ აქტივისტებსა თუ ოპოზიციას გასული წლის აგვისტოს შემდეგ განსაკუთრებული სიმკაცრით უსწორდება. მისი ხელისუფლება სანქციების არაერთი რაუნდის სამიზნე უკვე გახდა.

ამერიკის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პროგრამების ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ დიოლომატიურ მისიას მოთხოვნა მთავრობამ გაუგზავნა. ეს აკრძალვა "საჯარო დიპლომატიისა" და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის ოფისების დახურვას და მათი საქმიანობის შეწყვეტას ნიშნავს. ასევე მინსკში "ამერიკული ცენტრის" დახურვასაც.

ახალი შეზღუდვების შედეგად საელჩოს 20 ბელარუსი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაც მოუწევს.

"ეს ნაბიჯები ასახავს ბელარუსის მთავრობის დაუცველობის ღრმა შეგრძნებას დიპლომატიის როლის, ადამიანთა შორის კავშირის და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ", - განაცხადა საელჩომ.

დიპლომატიური მისიის თქმით, მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამები ბელარუსში 1990 წლიდან ფუნქციონირებდა. ეს ფინანსები ახალ წამოწყებებს, ბიზნესის განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას, რადიაციით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებთ და კიდევ 36 ათასამდე ობოლ ბავშვსა და სხვა დაუცველ მოქალაქეების დახმარებაზე იხარჯებოდა.

ამერიკის ელჩი ბელარუსში ჯული ფიშერი ამბობს, რომ რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები ბელარუსში ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერისგან ამერიკას ვერ შეაჩერებს. თუმცა, 2008 წლიდან ამერიკის ელჩი ბელარუსში თავის პოსტს ოფიციალურად ვერ იკავებს, რადგან ქვეყნის ხელისუფლება მას ვიზას არ აძლევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG