“ამერიკის ხმა” დემოკრატ კანონმდებლებს, კონგრესმენ ბილ კიტინგს (მასაჩუსეტსი) და კონგრესმენ ტომ მალინოვსკის (ნიუ-ჯერსი) ალექსეი ნავალნის მოწამვლის თემაზე ესაუბრა. კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ამ საქმეში ვლადიმირ პუტინის როლი იკვეთება და შეერთებული შტატების კონგრესს და ადმინისტრაციას ამ საქმეზე ძლიერი ორპარტიული რეაგირება მართებს.
კონგრესმენმა კიტინგმა თქვა: “ვფიქრობ, ეს საკმაოდ სერიოზულია და ვფიქრობ, ამას ორი კუთხიდან უნდა შევხედოთ, ერთია ოპოზიციის ხმაზე პირადი თავდასხმა და მეორეა სხვა განზრახვა, რომ თავისუფალი სიტყვის ნებისმიერი ფორმა ჩაიხშოს. რისი იმედიც მაქვს და ვფიქრობ, რომ ასე მოხდება: იქნება ორპარტიული ხასიათის მსჯელობა, არა მხოლოდ დემოკრატების ან მხოლოდ რესპუბლიკელების, არამედ ერთობლივი მსჯელობა და შემუშავდება ერთი მთლიანი ორპარტიული პასუხი და რეკომენდაციები. არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო მანამ, სანამ ჩემი აზრით, კონგრესის წევრების ორპარტიული კოალიცია და ასევე იმ ადამიანების ჯგუფი აწონ-დაწონის, თუ ამას როგორ მივუდგეთ, მაგრამ ვფიქრობ, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანია ევროპაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმოქმედოთ.
როდესაც პუტინი ასეთ ნაბიჯს დგამს და ასეთი სახის საზარელი ქმედების ნებას რთავს, არ მგონია ის სრულად ითვალისწინებდეს ფაქტს, რომ ამას დასავლეთის ერთიანი პასუხი და იმედია საერთაშორისო პასუხიც მოჰყვება. არა მხოლოდ შეერთებული შტატების და ევროპელი მოკავშირეების, არამედ საერთაშორისო რეაქციაც. და თუ ეს ასეა, ვფიქრობ, ეს ჩვენი ყველაზე ძლიერი საშუალებაა იმისთვის, რომ ამის გაგრძელება აღვკვეთოთ.”
კონგრესმენ მალინოვსკის მიაჩნია, რომ დამსჯელი სანქციები უნდა დაწესდეს. მისი თქმით, “დამსჯელი სანქციები უნდა დაწესდეს. მხოლოდ სანქციები ვლადიმირ პუტინს კატის კნუტად არ აქცევს, მაგრამ მათი არარსებობა იმის გზავნილი იქნება, რომ დანარჩენი მსოფლიო ასეთი სახის საქციელს ან ეგუება, ან გრძნობს რომ მისი შეჩერების ძალა არ შესწევს.
არის ორი შესაძლებლობა: ეს ან პუტინმა შეუკვეთა, ან რუსეთის სამართალდამცავმა, ან სადაზვერვო აპარატმა გააკეთა, რადგან ფიქრობდნენ, რომ პუტინს ესიამოვნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე პასუხისმგებელი ის არის. თუ საქმე ამ უკანასკნელ შემთხვევასთან გვაქვს, ის არის პასუხისმგებელი იმ შთაბეჭდილების შექმნაზე, რომ ასეთი ქმედება მას ესიამოვნებოდა. მას ნამდვილად შეუძლია ნათელი და შეუმცდარი სიგნალები გაუგზავნოს სხვადასხვა მოქმედ პირებს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებში, რომ დისიდენტებზე თავდასხმა, იქნება ეს ქიმიური აგენტით, ტყვიით თუ რაიმე სხვა გზით, შეუწყნარებელი დანაშაულია. მას რომ ეს გაეკეთებინა, ასეთი რამ არ მოხდებოდა” - აცხადებს კონგრესმენი მალინოვსკი.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ის საბჭოთა სტილის ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით” არის მოწამლული. ეს იგივე ძლიერმოქმედი საწამლავია, რომელიც ცოტა ხნის წინ, რუსმა აგენტებმა მამა-შვილ სკრიპალების წინააღმდეგ, ბრიტანეთში გამოიყენეს. მოსკოვი ნავალნის მოწამვლის ბრალდებას არ აღიარებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძველს ვერ ხედავს.
ინტერვიუ შეერთებული შტატების კონგრესმენებთან "ამერიკის ხმის" რუსული რედაქციის ჟურნალისტებმა ჩაწერეს.
Facebook Forum